ნინოწმინდის მუზეუმში "ქართული ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო გამოფინეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ახალგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო და მისი ჯილდოები გამოფინეს.

„იქ გამოფენილია იმ პროფესორების, აკადემიკოსებისა თუ მეცნიერების ფოტოები, რომლებიც სოფელ სათხეში დაიბადნენ. მეც რახან დეპუტატი ვარ და ამ სოფელში დაბადებული, ჩემი ფოტოც თვითონ გააკეთეს. მითხრეს ამ ჯილდოების დადება შეიძლებოდა თუ არა და დავთანხმდი“,- განაცხადა ენზელ მკოიანმა.

მუზეუმის მშენებლობა რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა არტურ ისოიანმა დააფინანსა და მამამისის, ალბერტ ისოიანის სახელს ატარებს.

შეგახსენებთ, ენზელ მკოიანი ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წლიდან ის „ქართული ოცნების“ წარდგენით ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარია. მანამდე, 2008-2012 წლებში ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ენზელ მკოიანს უკავშირებდნენ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

წყარო: "სამხრეთ კარიბჭე"

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვერონა-შუამთის მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი