ისხანოვი: "ზელიმხანის მკვლელობის კვალს, დიდი ალბათობით, რუსეთის საელჩოსკენ მივყავართ"

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ექს-პრეზიდენტ ასლან მასხადოვის ყოფილი ადიუტანტი, ამჟამად იჩქერიის წარმომადგენელი უცხოეთში ჰუსეინ ისხანოვი თვლის, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ეროვნებით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის კვალს, დიდი ალბათობით, რუსეთის საელჩოსკენ მივყავართ.

ისხანოვი ამბობს, რომ უცხოეთში ჩეჩენი ლტოლვილების მკვლელობები საკმაოდ ხშირია. ამ კონტექსტში იგი იხსენებს იჩქერიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ზელიმხან იანდარბიევის მანქანის აფეთქებას ყატარში, რომელშიც ეჭვმიტანილები რუსეთის საელჩოს შუამავლობით მოქმედი ФСБ-ს აგენტ-ოფიცრები აღმოჩნდნენ, ასევე არაერთ მკვლელობას თურქეთში, რომლებშიც, როგორც წესი, ასევე რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების წარმომადგენლები ფიგურირებდნენ:

«ხანგოშვილის მკვლელობაშიც ვხედავ კვალს, რომელიც შესაძლოა, [გერმანიაში] რუსეთის საელჩოსკენ მიდიოდეს. ეს უცხოეთში ჩეჩნების არც პირველი მკვლელობაა და არც უკანასკნელი. ჩვენ ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შესრულებული არაერთი მსგავსი ოპერაცია, დაწყებული [იჩქერიის პირველი პრეზიდენტით] ჯოხარ დუდაევით, შემდეგ ასლან მასხადოვით, კიდევ მოგვიანებით კი -უკვე რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ მკვლელობებით. იყო ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობა ყატარში, 2009 წელს უმარ ისრაილოვის მკვლელობა ავსტრიაში, შემდეგ რამდენიმე რეზონანსული მკვლელობა, მათ შორის -  თურქეთში იჩქერიის წარმომადგენლებისა და ამ საქმეებში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები. არსებობს ვიდეომასალები, რომელიც ასახავს,  რომ ქილერებს ფულს სთავაზობდნენ».

ისხანოვის თქმით, ამ მკვლელობებს მივყავართ აზრამდე, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონე ჩეჩნების უსაფრთხოება უცხოეთში სათანადოდ დაცული არ არის, ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიასა და ავსტრიაში ლამის ოფიციალურად მოქმედებენ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ოფისები და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, არ არის გამორიცხული ესკალაცია:

“ბოლო რამდენიმე წელია, გერმანიასა და ავსტრიაში რუსეთიდან საეჭვო  პირების მოზღვავება შეიმჩნევა. ისინი კავშირების დამყარებას ცდილობენ რუს ოპოზიციონერ ემიგრანტებთან და ჩეჩნურ დიასპორასთან. მათი  მხრიდან იყო გაფრთხილებები. შემიძლია, ვთქვა, რომ კვალს ლუბიანკაზე [ქუჩა მოსკოვში, სადაც რუსეთის ერთ-ერთი სპეცსამსახურის ცენტრალური ოფისია განთავსებული] მივყავართ. და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ევროპული  ქვეყნების ხელისუფლებები არ მიიღებენ რაღაც ზომებს პოლიტიკური დევნილების უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ არაერთგზის მივმართეთ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს, კერძოდ გერმანიასა და ავსტრიაში, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ფაქტობრივად ოფიციალური ოფისები მოქმედებს რუსული სპეცსამსახურებისა. მაგალითად, ჰამბურგში ოფისი აქვს გახსნილი ვინმე დუგაზაევს, რომელიც თავად ამბობს, რომ [ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერის] კადიროვის წარმომადგენელია. ეს არის აგენტურა, რომელიც გერმანიასა და ავსტრიაში რუსეთის საელჩოების მფარველობით გამაგრდა, არც სამშობლოში ექმნება პრობლემა და არც უცხოეთში, სადაც ფაქტობრივად რუსული სისტემის ნაწილს წარმოადგენს. თუ მათ სახლებში არ გაუშვებენ და ჩვენს უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფენ,  არ გამოვრიცხავ ესკალაციას».

ცნობისთვის: 23 აგვისტოს გერმანიაში საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მას მეჩეთთან "ქილერმა" ესროლა. 

როგორც გერმანული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, ხანგოშვილი ფეხით გადაადგილდებოდა, ხოლო მკვლელი, რომელმაც მაყუჟიანი იარაღი გამოიყენა - ველოსიპედით. მან  ხანგოშვილს თავის არეში ესროლა და შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა მალევე დააკავეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო.  ამასთან, „შპიგელის“ ცნობით, NATO-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს. 

„ბერლინერ კურიერი“ კი ხანგოშვილის მკვლელობას 2012 წელს საქართველოში,  ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის კრემლის მიერ ხელდასმული ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნებით ჩეჩენმა მოქალაქემ, 41 წლის ზელიმხან ხანგოშვილმა “სამშობლოსთან კავშირი დიდი ხანია, გაწყვიტა და გროზნოს მის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს”.

ამასთან, კრემლი კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ეროვნებით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან. შესაბამისი განცხადება დღეს დასავლური მედიასაშუალებების ვარაუდის კომენტირებისას პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

"ამ საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, სახელმწიფო ორგანოებთან.კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ მკვლელობის რაიმე სახის კავშირს ოფიციალურმოსკოვთან" - აღნიშნა მან.

ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა 2015 წელსაც განხორციელდა, იმჯერად - საქართველოში. მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრთდნენ და როდესაც ხანგოშვილი მანქანაში ჯდებოდა, მისი მისამართით 7-ჯერ გაისროლეს. მაშინ ხანგოშვილი გადარჩა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება "ჩიხში შევიდა", იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ხანგოშვილი მაშინ გამოთქვამდა ეჭვებს გამოძიების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ამ ეჭვებს ის გარემოებაც უმძაფრებდა, რომ "ქილერს" მისი გადაადგილების, პირადი მონაცემების შესახებ დეტალური ცნობები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, იგი იქ თავშესაფარს ელოდა, სხვა ქვეყანაში მისი წასვლის მთავარი მოტივი კი ის იყო, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

"აქცენტმა"  ხანგოშვილთან ერთ-ერთი ინტერვიუ 2016 წელს ჩაწერა. ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ეს მასალა შეიცავს, დღესაც საყურადღებოა:

"პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

იხილეთ ასევე: 7 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან - რა დეტალებზე საუბრობდა ზელიმხან ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
NDI–ის კვლევა: გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია