"მძიმე ჯვარი გოლგოთაზე ერთად უნდა ავიტანოთ, ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ვინმეზე მეტნი ვართ"

"მძიმე ჯვარი გოლგოთაზე ერთად უნდა ავიტანოთ, ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ვინმეზე მეტნი ვართ", – ამ სიტყვებით მიმართა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეკრებილ მოქალაქეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ.

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა, თუ გვაკლია რამე? ალბათ ორივეა. გიხაროდენ საქართველოვ, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, რა არ უნდა ვაკეთოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს, ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი ბოლო გზაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, რომ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ. ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე.

თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამ გრძნობითა და შეგრძნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეიგნო ქართველმა ადამიანმა, შეგნებული აქვს, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება. გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. როცა მოხდა ამაღლება უფლისა, მოციქულები როცა შეიკრიბებოდნენ ერთად და ატარებდნენ სერობას, ისინი ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ტოვებდნენ ორ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთზე ბრძანდებოდა მაცხოვარი და მეორეზე ღვთისმშობელი დედა“, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას. 

ცნობისთვის: დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობა თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია.

საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

საქართველოს შრომის კოდექსით 28 აგვისტო უქმე დღეა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო