"ილია ჭავჭავაძე 32 წლის განმავლობაში ბანკირი იყო, ჭიჭინაძისთვის ილიაც მევახშეა?!"

იურისტი ლევან ალაფიშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის „მევახშეობის“ თაობაზე დეპუტატ დათო ჭიჭინაძის განცხადებას ეხმიანება და კანონმდებელს კითხვით მიმართავს, "მიაჩნია თუ არა მევახშედ ილია ჭავჭავაძე, რომელიც  32 წლის განმავლობაში ბანკირი იყო".

„ბატონ ჭიჭინაძესაც და სხვასაც, ვინც მევახშეებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, შევახსენებ, რომ ჩვენი საერთო ეროვნული ლიდერი, წლებს რომ გაუძლო მისმა ავტორიტეტმა, შეიძლება, ბატონი ჭიჭინაძისთვის არ არის ავტორიტეტი, მე ვერ გეტყვით, არის ილია ჭავჭავაძე. იგი 32 წლის განმავლობაში იყო ბანკირი. შემიძლია გამოცემა მივუთითო ბატონ ჭიჭინაძეს წაიკითხოს, ბოლო პერიოდში ილიაზე თავდასხმები სწორედ იგივე თემატიკით იყო, რომ გადადექიო, მევახშეო. საქველმოქმედო ორგანიზაციად აქციე ბანკიო. ანუ რა გამოდის, ილია ჭავჭავაძე მევახშეა ჭიჭინაძისთვის? მე მგონი, ცოტა უხერხულობას იგრძნობს ის, ვინც ასე დააყენებს საკითხს“, – განაცხადა ალაფიშვილმა „აქცენტთან“ საუბრისას. 

იგი ჭიჭინაძეს ურჩევს, „თუ პოლიტიკოსია და ასე ვთქვათ, კრეატიულობაზე აქვს პრეტენზია სხვა თემა მონახოს“, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ბანკირებზე თავდასხმები მასზე ადრე დაიწყო და ეს უკვე გაცვეთილი თემაა“.

„სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც ხალხის რჩეულის სტატუსი აქვს და დეპუტატის მანდატი უდევს ჯიბეში ასეთ პოპულისტურ განცხადებას აკეთებს. ეს თავისთავად პასუხისმგებლობის მწვავე დეფიციტზე მიანიშნებს. მოგახსენებთ, რა მაქვს მხედველობაში. დღეს თუკი საქართველოში რაიმე სტაბილურია და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველჰყოფს, ეს არის საბანკო სექტორი. ეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო არაერთი დასკვნითაა აღიარებული.   საბანკო სფეროზე გააფთრებული თავდასხმა, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს და დიდმა ეკონომიკურმა ოთხეულმა (მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა) ღია საჯარო წერილით უთხრეს ხელისუფლებას, სახელმწიფოს ნუ დაანგრევთო. ბანკები და ბანკირები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული ჩვენთაგანის ფინანსებზე წვდომას. ბატონი ჭიჭინაძე, რომელიც საჯაროდ აცხადებს–ხოლმე, რომ ბიზნესიდან ვარო და ბიზნესმენი ვარო, აი, ბიზნესში როგორ წარმოუდგენია საბანკო პროდუქტების გარეშე, ეს არის ძალიან საინტერესო. გასაგებია მისი მოწადინება –  პარტია შექმნა, პოლიტიკას გემო გაუგო, მაგრამ ეს ძალიან მარტივი და იაფფასიანი განცხადებაა, რომლითაც ის საწადელს ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ალაფიშვილმა.

ამასთან, იგი ჭიჭინაძეს  იაფფასიანი პოპულისტური განცხადების გაკეთების ნაცვლად, ბანკების არაპროფილურ აქტივებთან (დეველოპმენტი, სადაზღვევო, ფარმაცევტული, საავადმყოფოები და ა.შ.)  დაკავშირებით რაიმე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისკენ მოუწოდებს. 

„ამ მიმართულებით საყვედურის თქმის საფუძველი და უფლება მე პირადად მაქვს, რადგან 2014 წლიდან ექსპერტთა ოთხეულთან ერთად საჯაროდ გავაკეთე განცხადება არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით. მივმართეთ მთავრობას, პარლამენტს და ეროვნულ ბანკს, რადგან საკითხი კომპლექსურ გადაწყვეტას მოითხოვდა. მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოგვეხმაურა და მან დააწესა რეგულაციები იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას შეეძლო. ასე რომ, თუ პრობლემას ხედავს ბატონი ჭიჭინაძე, დაგვანახოს მისეული ხედვა ამ პრობლემის გადაჭრის. ხაზარაძეზე იქნება, ჯაფარიძეზე იქნება, თუ რომელიმე სხვა ბანკის წარმომადგენელზე, მევახშეობაზე საუბარი არის სახიფათო პოპულიზმი, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს. შესაბამისად, ყველა ადამიანს, რომელიც თავისი უპასუხიმგებლობით სახელმწიფოს აზიანებს, ადრე თუ გვიან, მომავალი თაობების წინაშე პასუხის გაცემა აუცილებლად  მოუწევს“.  

ცნობისთვის: დღეს დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ "ხაზარაძე მთელი მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ჩვეულებრივი მევახშეობით იყო დაკავებული".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ