სუს-ი: "ხაშურის მუნიციპალიტეტთან საოკუპაციო ძალის ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება"

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება -  ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. 

"აღნიშნული  წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე" - განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში. 


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29  აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი  დღით  ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა  განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა  შეიძლება, დაარღვიოს”.

ოსური მედიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს საქართველოს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მიდამოებში ტყე გაკაფეს და გზა გაიყვანეს, ასევე განათავსეს საგუშაგო ქართული დროშით, რითაც «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს», მეორე დღეს კი სოფელ წინაგარის მიდამოებში ქართული პოლიციისთვის მოედნის მშენებლობა გაგრძელდა.

ოსურმა უშიშროებამ დღეს “საქართველოს მხრიდან პროვოკაციული მოქმედებების” შესახებ განცხადება  გაავრცელა:

«ოსურ-ქართული საზღვრის სადავო მონაკვეთზე, სოფელ უისტას [ოსური სახელწოდება, ქართული - წნელისი] მიდამოებში რესპუბლიკის მთავარსარდლის ბრძანებით სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ახორციელებს სპეციალურ მოქმედებებს ე.წ. წნელისის და გვირგვინას მიდამოებში მცხოვრები სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე საფრთხის ლოკალიზებისთვის».

დე  ფაქტო  პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი პირადად გაემგზავრა ზნაურის რაიონში ე.წ. საზღვრისპირა ზონაში ვითარების ადგილზე გასაცნობად.

საკუთარი  აზრი გამოთქვეს ოსმა პოლიტიკოსებმაც. მაგალითად, დე ფაქტო ეროვნული პოლიტიკის, კულტურის, რელიგიისა და მედიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ამირან დიაკონოვმა “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის” შესახებ განაცხადა:

«ჩვენ მივმართავთ სამხრეთ  ოსეთის შესაბამის ორგანოებს, რომელთაც ეკისრებათ კონსტიტუციური ვალდებულება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისა, მიიღონ შესაბამისი ზომები ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიიდან შეიარაღებული ფორმირებების გასაყვანად».

დე ფაქტო საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა დრიაევმა კი საერთოდაც განაცხადა “პროვოკაციების, როგორც მთელი ამიერკავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხის” შესახებ:

«თუნდაც მოხდეს მცირე შეიარაღებულილ დაპირისპირება, ეს ვითარებას ისევ გაამწვავებს და ახალ კონფლიქტს გამოიწვევსო».

ოსი პოლიტოლოგი სოსლან ფილიევი შექმნილ ვითარებაში მოვლენათა განვითარების ორ ვარიანტს ხედავს, რომელთა შესახებაც რუსულ მედიას უამბო:

«ღმერთმა არ ქნას, ვინმემ გაისროლოს. ერთიც რომ მოკლან, საქართველო თავის ნატო-ელ მეგობრებთან ერთად,რომლებთანაც ერთობლივ წვრთნებს მართავს, შევა იქ და აი, ეს 50 ათასი თუ რამდენიც არის რუსი ჯარისკაცი ვერაფერს მოიქმომედებს, რადგან სადღეისოდ, სანამ რუსეთში რაიმე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შესაძლოა, ისევ მსხვერპლი მივიღოთ...ამიტომაც ქართული მრიდან მსგავსი მოქმედება არ უნდა დავუშვათ. მათ ხომ იქ გზა გადათხარეს, ეს კი ერთ წამში ვერ გაკეთდებოდა... ვფიქრობ, ქართველები იქ ჩადგებიან, შეხედავენ და თუ  არაფერი მოხდება, იქით ჯარსაც ჩააყენებენ, უფრო მძლავრ ბლოკ-საგუშაგოს და იქ გამაგრდებიან. და აი, პირდაპირ ჩვენს გვერდში ვიღებთ კიდევ ერთ ქართულ საგუშაგოს. მერე კი, წვრთნების  დროს ისინი იქ ჩავლენ ხოლმე და ადგილობრივი მოსახლეობის პროვოცირებას მოახდენენ. ეს ერთი ვარიანტია. მეორე კი მოსკოვამდე ხმის მიწვდენაა: იქნება რაღაც მკაფიო ბრძანება, რუსული ბაზებიდან გადმოისვრიან სამხედრო ძალას ამ ბლოკ-საგუშაგოსთან და კუდამოძუებული ქართველები უკან დაიხევენ. ჩვენთვის ეს ვარიანტი, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო გამოსავალია».

პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ინციდენტს “წმინდა წყლის  პროვოკაციად” აფასებს:

«სანამ სამხრეთ ოსეთი და საქართველო არ შეთანხმდებიან საზღვარზე, რომელიც გავლებულია და რომელსაც ოსური მხარე ცალმხრივ რეჟიმში აწყობს, მსგავსი პროვოკაციები კიდევ იქნება. ის, რომ საქართველო იქ თავისთვის ბლოკ-საგუშაგოს იწყობს, სწორედ ამ არდათანხმებისა და იმის დემონსტრირებაა, “არ დაგვვიწყებიხართ, გვახსოვხართო”, ამ ფონზე კი კიდევ უფრო აქტუალური ხდება საჭიროება, საზღვრის მოწყობა ორმხრივად წარიმართოს. ის, რომ სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში აღარ დაბრუნდება, არც კი განიხილება, შესაბამისად, მან საზღვრის მოწყობა უნდა გააგრძელოს».

ამასთან, ალბოროვა პუნქტის მოწყობის ადგილის ირგვლივ გაურკვევლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

«მთლად გასაგები არ არის, ვის ტერიტორიაზე იწყობს ამ პუნქტს საქართველო. ერთნი ამბობენ, რომ ეს სამხრეთ ოსეთის  ტერიტორიაზე ხდება, მეორენი – რომ საქართველოს მხარეს, მესამენი – რომ ეს ზუსტად სასაზღვრო ხაზზეა. თუ ეს პირდაპირ ჩვენს  ტერიტორიაზე ხდება, მაშინ კითხვები უნდა დაისვას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცველი და ძალოვანი ორგანოების მიმართ. რატომ ხდება მსგავსი გაუგონარი მოქმედება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე?!»

ოსური მხარე ხვალ ამ საკითხის ერგნეთის შეხვედრაზე დაყენებას გეგმავს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას,რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირაკლი ღარიბაშვილი: „2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ“