“როცა რუსეთთან გაქვს საქმე, პროვოკაციას ვერ გამორიცხავ, მაგრამ არ მგონია, ვითარება სერიოზულ გართულებამდე მივიდეს”

“სამოქალაქო მოძრაობის" თავდაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი პაატა გიგაური წნელისთან დაკავშირებით ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ “როცა რუსეთთან გვაქვს საქმე, პროვოკაციას ვერ გამორიცხავთ", მაგრამ იგი "ამ წუთის მდგომარეობით, ვითარების სერიოზულ გართულებას არ ელის". 

„ტერიტორია, რომელზეც ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლება საუბრობს, იყო ნეიტრალური ზონა, რომელიც ჩორჩანასა და წნელისის ტყეს მოიცავს. ამ ლოკაციას ოსები თავისად თვლიან, მაგრამ იქ არ იდგნენ არც ჩვენები და არც ოსები. ამ ტერიტორიას პირველად ყურადღება მიაქცია დავით ქაცარავამ და მისმა ანტისაოკუპაცციო მოძრაობამ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქაცარავას ამ ადგილზე შესვლამდე იქ ოსები შევიდნენ და ტყე მონიშნეს, რას აპირებდნენ - არ ვიცი. ამის შემდეგ შედის იქ ქაცარავა, რათა ოსებს არ დაეკავებინათ ეს ადგილი და სწორედ მისი აქტიურობის შედეგად შევიდნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები, რომლებიც მანამდე კონკრეტულად ამ ადგილზე მონიტორინგს არ აწარმოებდნენ, რადგან ეს იყო ნეიტრალური ზონა. სადღეისოდ იქ შევიდა ჩვენი პოლიცია და გააკეთეს საგუშაგო. თვითონ ის ადგილი, სადაც ჩვენი პოსტია განთავსებული, ოკუპირებული ზონის აქეთა მხარესაა. ეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება” - განუმარტა “აქცენტს” გიგაურმა. 

რაც შეეხება ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს, მისი შეფასებით, “გამომდინარე იქიდან, რომ ოსები ამ ადგილს თავისად თვლიან, თავის მოსახლეობასთანაც ხომ უნდა გამოჩნდნენ, - აქაოდა რაღაცას ვაკეთებთო, შესაბამისად, ქართული საგუშაგოს დადგმაზე რეგირება მოახდინეს”. 

გიგაური ოკუპანტებისა და სეპარატისტების მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს,  თუმცა სერიოზულ გართულებებს, ამ წუთის მდგომარეობით, არ ელის.

“როცა რუსეთთან გაქვს საქმე, პროვოკაციას ვერ გამორიცხავ, მაგრამ ამ წუთში დაახლოებით ასეთი სიტუაციაა: ჩვენს მოქმედებას მათი უკურეაქცია მოჰყვა, მაგრამ არ მგონია, ვითარება სერიოზულ გართულებამდე მივიდეს. ჩემი აზრით, ამ ტერიტორიაზე სტაციონარული პოსტის მოწყობა სწორი გადაწყვეტილებაა. უკან არ უნდა დავიხიოთ და იქ უნდა გავმაგრდეთ” - დასძინა მან.

ცნობისთვის: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29  აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი  დღით  ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა  განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა  შეიძლება, დაარღვიოს”.

იხილეთ ასევე: ცხინვალი თბილისს “სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში” ადანაშაულებს და ახალი კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს

ცოტა ხის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

"აღნიშნული  წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე",  - განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს