გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. მას დღეს დუისში დაკრძალავენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სატვირთო ტერმინალ „ლასარესთან“ მისი ოჯახის წევრები და პანკისის ხეობის მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. ისინი ხანგოშვილის მკვლელობას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ.

ცნობისთვის: 23 აგვისტოს გერმანიაში საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მას მეჩეთთან "ქილერმა" ესროლა. 

როგორც გერმანული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, ხანგოშვილი ფეხით გადაადგილდებოდა, ხოლო მკვლელი, რომელმაც მაყუჟიანი იარაღი გამოიყენა - ველოსიპედით. მან  ხანგოშვილს თავის არეში ესროლა და შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა მალევე დააკავეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო.  ამასთან, „შპიგელის“ ცნობით, NATO-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს. 

„ბერლინერ კურიერი“ კი ხანგოშვილის მკვლელობას 2012 წელს საქართველოში,  ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის კრემლის მიერ ხელდასმული ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნებით ჩეჩენმა მოქალაქემ, 41 წლის ზელიმხან ხანგოშვილმა “სამშობლოსთან კავშირი დიდი ხანია, გაწყვიტა და გროზნოს მის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს”.

ამასთან, კრემლი კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ეროვნებით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან. შესაბამისი განცხადება 28 აგვისტოს დასავლური მედიასაშუალებების ვარაუდის კომენტირებისას პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

"ამ საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, სახელმწიფო ორგანოებთან.კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ მკვლელობის რაიმე სახის კავშირს ოფიციალურმოსკოვთან" - აღნიშნა მან.

ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა 2015 წელსაც განხორციელდა, იმჯერად - საქართველოში. მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრთდნენ და როდესაც ხანგოშვილი მანქანაში ჯდებოდა, მისი მისამართით 7-ჯერ გაისროლეს. მაშინ ხანგოშვილი გადარჩა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება "ჩიხში შევიდა", იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ხანგოშვილი მაშინ გამოთქვამდა ეჭვებს გამოძიების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ამ ეჭვებს ის გარემოებაც უმძაფრებდა, რომ "ქილერს" მისი გადაადგილების, პირადი მონაცემების შესახებ დეტალური ცნობები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, იგი იქ თავშესაფარს ელოდა, სხვა ქვეყანაში მისი წასვლის მთავარი მოტივი კი ის იყო, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

"აქცენტმა"  ხანგოშვილთან ერთ-ერთი ინტერვიუ 2016 წელს ჩაწერა. ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ეს მასალა შეიცავს, დღესაც საყურადღებოა:

"პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

იხილეთ ასევე: 7 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან - რა დეტალებზე საუბრობდა ზელიმხან ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუშია

ისხანოვი: "ზელიმხანის მკვლელობის კვალს, დიდი ალბათობით, რუსეთის საელჩოსკენ მივყავართ"


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალების სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები