ერგნეთში შეხვედრა იწყება – „საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ“

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა გაიმართება.  

როგორც ჟურნალისტებს  სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ცოტა ხნის წინ განუცხდა, დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგი ათ საკითს მოიცავს.

„სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ  გუგუტიანთკარში განხორციელებულ უკანონო „ბორდერიზაციას“, ასევე მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის ხელოვნური ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს. ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, ასევე მთელი სიმძაფრით დადგება ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი სახლების  დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი. ამ მწვავე დღის წესრიგის პარალელურად, რა თქმა უნდა, კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. დეტალებს შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანთაძემ.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა.  23 აგვისტოდან დღემდე კი აღნიშნული პროცესი შეჩერებულია. ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29  აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი  დღით  ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა  განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა  შეიძლება, დაარღვიოს”.

იხილეთ ასევე: ცხინვალი თბილისს “სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში” ადანაშაულებს და ახალი კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს

გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

"აღნიშნული  წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე",  - განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხულოში ხანძარს შვიდი სახლი ემსხვერპლა