ზვიად ზვიადაძე: "საგუშაგოს მოწყობა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს"

სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის  ზვიად ზვიადაძის განცხადებით, სოფელ ჩორჩანის მიდამოებთან საგუშაგოს მოწყობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ამის შესახებ ზვიადაძემ ჟურნალისტებს ერგენთში განუცხადა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა იწყება.

„ველოდებით,რომ შეხვედრა იქნება საკმაოდ კონსტრუქციული და ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. დღევანდელ შეხვედრაზე ალბათ,  ექნებათ რამე სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით, გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რომელიც არის ჩვენი უფლება, რა თქმა უნდა, და ამაზე პროტესტი ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც ეს არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც სრული უფლება გვაქვს, ვაწარმოოთ სამუშაოები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება მიიჩნევს საჭიროდ“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ზვიადაძემ. 

მისივე თქმით, საგუშაგოს მშენებლობას ცენტრალური ხელისუფლება იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ახორციელებს.

ცნობისთვის: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29  აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი  დღით  ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა  განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა  შეიძლება, დაარღვიოს”.

იხილეთ ასევე: ცხინვალი თბილისს “სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში” ადანაშაულებს და ახალი კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს

გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.


"აღნიშნული  წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე",  - განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს