"არ შევეგუებით ოკუპაციას, მეორე მხრივ, ჩვენი პასუხისმგებლობა გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება, სტაბილური განვითარების გარანტიები"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ერთის მხრივ, ხელისუფლება არ შეეგუება ოკუპაციას, მეორეს მხრივ, "ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გათვითცნობიერებული აქვს საზოგადოებისა და  ქვეყნის მომავალი განვითარების წინაშე, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება, სტაბილური განვითარების გარანტიები".

„საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსეთის ფედერაციის სამხედროები უკანონოდ დგანან ჩვენს ტერიტორიებზე. ოკუპირებულ რეგიონებში არის შემაშფოთებელი ვითარება ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ, დანაშაულებრივი ფაქტების მხრივ. ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებებს. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სათანადო რეაგირება და ყურადღება იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის, რომ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ ეს პრობლემები და ოკუპაციის საკითხი. გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომენტს ვქმნით, როცა მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამას განვიხილავთ კონტექსტში, როცა საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, საქართველო აკეთებს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას. ეს ხდება პარტნიორებთან აქტიური მუშაობის გზით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო დღის წესრიგში აყენებს და განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ავითარებს თავის ეკონომიკას, ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს, რათა მომავალში შეიქმნას მომენტი, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთ ფაქტს, თუ იმ პრობლემებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს, არ შევეგუებით და არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე. მეორე მხრივ, ჩვენი პასუხისმგებლობა გათვითცნობიერებული გვაქვს საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების წინაშე, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება, სტაბილური განვითარების გარანტიები, რათა ჩვენს მიერ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ჩემს კოლეგასთან განხილვა გვქონდა, მომავალშიც გვაქვს შვედეთისა და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების, ასევე, სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი და მჯერა, რომ ამ გზით შევძლებთ, ოკუპაციას გავუმკლავდეთ. რა თქმა უნდა, რთულია თითოეული შემთხვევა, იმ ადამიანების ბედი, რომელთაც, სამწუხაროდ, ყოველდღიურ რეჟიმში ეხება ოკუპაციის პრობლემა. ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობს, ცხელი ხაზის მექანიზმს იყენებს და ასევე, ყველა შესაძლებელ ღონისძიებას ატარებს, რათა ოკუპაცია, მისი შედეგები და მისი ყოველდღიური გამოვლინება რაც შეიძლება მეტად იყოს შეკავებული და შეჩერებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები