ამერიკელი სენატორები: "პუტინის G7-ში დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციაა"

ამერიკელი სენატორები რუსეთის  G7-ში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო წერილში, რომლითაც კანონმდებლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართეს. 

სენატორები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის G7-ში დაბრუნება დაუშვებელია და პრეზიდენტ ტრამპს ახსენებენ, რომ „დიდი რვიანიდან“ გარიცხვის შემდეგ რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და მათ შორის, ერთ-ერთ მაგალითად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია მოჰყავთ:

„დიდი რვიანიდან“ გარიცხვის შემდეგ რუსეთის მთავრობა თანმიმდევრულად გვაჩვენებს, რომ მუდმივად არღვევს საერთაშორისო ნორმებს და კანონის უზენაესობას, მათ შორის: მავნებლური ზეგავლენა მოახდინა აშშ-ის არჩევნებზე 2016 და 2018 წლებში, აქვს მრავალრიცხოვანი და სისტემატიური მცდელობები ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში; ბოროტად ერევა ევროპაში ჩვენი უახლოესი მოკავშირების დემოკრატიულ პროცესებში; ბრიტანეთში 2018 წელს განახორციელა თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით; აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას; მუდმივად უწევს სამხედრო და სხვა მხარდაჭერას ავტორიტარულ მთავრობებს მთელ მსოფლიოში, ისეთებს როგორებიც არიან ასადის და მადუროს რეჟიმები; ასევე ახორციელებს რუსეთში უმცირესობების ჯგუფებისა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეების ფართო დევნას“.

წერილს ხელს აწერს ოთხი სენატორი. ესენი არიან – ჯეკ რიდი, ჩაკ შუმერი, რობერტ მენენდესი და მარკ უორნერი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა