„ცხინვალის მუქარა მოცემულ ეტაპზე არარეალისტურია“

ჩემი ვარაუდით, ცხინვალის მუქარა მოცემულ ეტაპზე არარეალისტურია და ის, ვერცერთი „დაპირებული“ საპასუხო ღონისძიების განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს. ცხინვალი, უბრალოდ ცდილობს სახის შენარჩუნებას. გარდა ამისა, მათი საინფორმაციო აქტივობები საკუთარი მოსახლეობის წინაშე თავის მართლებას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სერიოზული გადაწყვეტილებისთვის მზადებას. რატომ? იმიტომ, რომ ქართველი სამართალდამცავების მიერ ათკილომეტრიანი ტყის მასივის შეუმჩნევლად გაჭრა და სოფლის თავზე ქართული დროშის აღმართვა ჩვენთვის ფრიად წარმატებული ოპერაციაა,  ხოლო სეპარატისტებისთვის კი, უდავოდ, სამარცხვინო ფაქტი... როცა სეპარატისტები გუგუტიანთკართან განვითარებული მოვლენებით ხარობდნენ, ქართული მხარე წნელისთან, ფაქტიურად, უკვე საგუშაგოს აწყობდა.  

რაც შეეხება ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელების ალბათობას საქართველოს წინააღმდეგ. მოცემულ ეტაპზე, ასეთი პროგნოზირებისთვის აუცილებელი და საკმარისი ინდიკატორები ჯერ არ არსებობს. არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება კრემლში და კოლაბორაციონისტების მიერ, ცხინვალში. კრემლი ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში საბოლოოდ დაკარგავდა თბილისთან პოლიტიკური ვაჭრობის, თბილისზე პოლიტიკური ზეწოლის თუ ზოგადად, ქვეყანაში ე.წ. „რბილი ძალის“ განხორციელების საკმაოდ სერიოზულ ინსტრუმენტს. რაც მთავარია, მოსკოვი საბოლოოდ დაკარგავს იმ მცირერიცხოვან და უკვე არსებულ „სამეგობრო წრეს“, რომელიც ასე გულმოდგინედ და მოთმინებით შეკრა, ბოლო პერიოდის საქართველოში. 

კიდევ ერთი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უკვე მოძველებული, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული, მაგრამ მაინც არსებული გზავნილი რუსეთთან ურთიერთობის რეგულირების შესახებ, საბოლოოდ დაკარგავს ძალას. ძნელად სავარაუდოა რომ კრემლმა, არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, პრორუსულად განწყობილ ან/და ჯერ კიდევ მერყევ  სამიზნე აუდიტორიას თავისი ხელით გამოგლიჯოს ერთადერთი „მუშა“ გზავნილი, რომელიც გვარწმუნებს რომ რუსეთის გარეშე არაფერი გამოვა. 

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის საერთაშორისო პოლიტიკური რეალიები, რომლებიც მოსკოვის გარშემო ვითარდება.  აშკარაა, რომ კრემლი ევროპის ცენტრალურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების რეგულირებას აქტიურად ცდილობს. სამხედრო აგრესორის სტატუსის კიდევ ერთხელ მორგება, მნიშვნელოვნად შეაფერხებდა აღნიშნულ მცდელობებს. დავუბრუნდეთ ისევ წნელისს...  

მოცემულ ეტაპზე საზოგადოებისა და ხელისუფლების კონსენსუსი თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტი უნდა გახდეს. სოციალური ქსელების ბოლო დღეების მონიტორინგი და ანალიზი ცხადყოფს, რომ სიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი, საქართველოს ხელისუფლება მარტო არ დარჩება, საფრთხის წინაშე. ხელისუფლებისადმი ყველაზე ოპოზიციურად და შეიძლება,  სამართლიანად გაბრაზებულმა ადამიანებმაც კი, ამ ბოლო დღეებში, მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ძალიან მაღალი დონე გამოავლინეს... 

რაც შეეხება წნელისთან აღმართული ქართული დროშის დაშვების პერსპექტივას. უარესებიც გადაგვიტანია და მაგ ამბავსაც გადავიტანთ. უბრალოდ, ეს ფაქტი, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შეიძლება, უპატიებელი პოლიტიკური სირცხვილიც კი გამოდგეს. პოზიციების დათმობისა და სეპარატისტთა ულტიმატუმის შესრულების შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს დაამტკიცოს, რომ გაცილებით დიდი და დამანგრეველი საფრთხე აგვაცილა თავიდან. ჰოდა, „პიარი არ გვივარგას“ პირობებში, ეს რამდენად წარმატებით გამოუვათ, ძნელად წარმოსადგენია. 


გიორგი მოლოდინი

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს