ხულორდავა ჩორჩანასთან რუსული ტექნიკის გადაადგილებაზე: "სანქციები რუსულ აგრესიას არ აჩერებს"

პარლამენტის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან მუდმივად ხდება პროვოკაცები, რასაც საქართველო არ უნდა წამოეგოს, ვინაიდან ამ წამოგების ფასი საქართველომ უკვე იცის. 

ამის შესახებ ხულორდავამ სოფელ ჩორჩანასთან რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინის მაგალითზე ჩანს, რომ სანქციები რუსულ აგრესიას არ აჩერებს. 

"ასეთი ტიპის პროვოკაციებს მუდმივად აქვს ადგილი რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით და რუსული ჩარევით ჩვენს საოკუპაციო ხაზზე. პროვოკაციებზე წამოგების ფასი საქართველომ იცის, რა არის. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ოპოზიცია საუბრობს, რომ სანქციებზე საუბარი უნდა გავააქტიუროთ, თითქოს, რუსულ აგრესიას ეს შეაჩერებს, თუმცა უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ ოკუპაციას არ აჩერებს. მთავარია, ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანად მოვახდინოთ", – განაცხადა ხულორდავამ.  

ცნობისთვის: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29  აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი  დღით  ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა  განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა  შეიძლება, დაარღვიოს”.

იხილეთ ასევე: ცხინვალი თბილისს “სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში” ადანაშაულებს და ახალი კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს

გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

"აღნიშნული  წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე",  - განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს