ადვოკატის თქმით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს

თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს  მომხდარი ფაქტი არ ახსოვს.

როგორც ალექსი გაბუნიამ აღნიშნა, ბრალდებული წარსულში ფსიქიკური პრევენციის ცენტრის პაციენტი იყო.

„მე ვესაუბრე დაკავებულს და არაფერი არ ახსოვს. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და მკურნალობს ახლაც. საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს და გამოძიების პროცესში გაირკვევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტიზა დიდი ალბათობით ჩატარდება. დიდი ხანია, მას ეს პრობლემა აქვს, დაახლოებით რამდენიმე ათეული წელია მკურნალობდა. ის იწვა ადრე სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა დაწესებულებებში, ბოლოს 2017 წელს იწვა ფსიქიკური პრევენციის ცენტრში რამდენიმე დღე და აქვს დანიშნული პრეპარატები. მე პირველად შევხვდი დღეს პატიმარს და ათი წუთი ვესაუბრე. მე ვერ გეტყვით ახლა რას განიცდის, მას არ ახსოვს არაფერი. ის ამბობს, რაღაცას მეუბნებიან და არ ვიცი რა ხდებაო, ის ახლა ძაან მოდუნებულია. წამლებს ახლა ვერ იღებს, მას თან არა აქვს წამლები“, – განაცხადა ადვოკატმა. 

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს-ში.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება