"პოლიციელის მკვლელის შეწყალებით ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას მწვანე შუქი აუნთო"

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, "პოლიციელის მკვლელის შეწყალებით ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას მწვანე შუქი აუნთო".

„ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები. ოლიგარქი კრიმინალთან ახლო თანამშრომლობით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავდა, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა.

დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა უკვე, ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი. პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პირდაპირი გზაა, რასაც ქართული საზოგადოება, ჩვენ ყველანი ერთად, არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ძალიან მალე, უფრო ადრე, ვიდრე მას ჰგონია, ოლიგარქი წარსდგება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ სამსჯავროზე და ახალი, ეროვნული, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება პოლიციას კვლავ შეუქმნის საქმიანობის და ცხოვრების ღირსეულ პირობებს. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. საქართველოში უნდა გათენდეს",- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი 22 წლის ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები