ცხინვალი "ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეზე" საუბრობს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისს "საზღვრისპირა ტერიტორიაზე პროვოკაციულ ქმედებებში" ადანაშაულებს.

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ზნაურის რაიონის სოფელ წნელისში მდებარე საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს [ქარელის რაიონის ნაწილი - რედ.] ქართული შეიარაღებული ფორმირებები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ და სამხედრო ობიექტებისა და საინჟინრო კომუნიკაციების უკანონო მშენებლობის ძალისმიერ დაცვას ახორციელებენ".

"ქართული მხარის ანალოგიური ქმედებები  წინ უძღოდა 2008 წლის ომს. მაშინ ოფიციალური თბილისის მსგავს ქმედებასთან დაკავშირებით უმოქმედობა გამოიჩინა ეუთოს მისიამ. სამწუხაროდ, ახლა მსგავს უმოქმედობას იჩენენ ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები. ვაფრთხილებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ახალი შეიარაღებული დაპირისპირების რეალური საფრთხის თაობაზე. ოფიციალური თბილისის ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, ამდენად, ვითარების შემდგომი ესკალაციისა და გართულების შემთხვევაში მივიღებთ ყველა შესაბამის კონტრზომას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. სამხრეთ ოსეთი დაჟინებით მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების გაყვანას და უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარების ამ  გამიზნულ ესაკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და მის დასავლელ პარტნიორებს», - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის: დღეს ოსურმა მხარემ ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა ჩაშალა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს  სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ცოტა ხნის წინ განუცხდა.

„შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იყო დაფიქსირებული, რომ IPRM არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი, ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია, განხილული იყოს დიალოგის გზით. ჩვენი შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ ჩაშალეს შეხვედრა“, – განაცხადა ანთაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერ  გართულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას  დაეკისრება.

„რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, ქართული პოლიციის საგუშაგო, რომლის აღებასაც ითხოვს ოსური მხარე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და ადგილზე დარჩება.

„პოსტი არის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ამას წყვეტს ქართული სახლემწიფო, სად განალაგენს პოლიციის პოსტებს. ყველა სხვა პრეტენზია და უსაფუძვლო ბრალდება არის მიუღებელი“, – დასძინა მან. 

შექმნილ მძივე ვითარებაში ანთაძე გამოსავალს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით დიალოგში ხედავს.

ერგნეთში შემდეგი შეხვედრა 2 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი და ანთაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრა შედგება. 

დღევანდელი შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს, როგორც ოსური, ისე რუსული დელეგაციის წევრებმა და ევროპელმა დიპლომატებმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირაკლი ღარიბაშვილი: „2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ“