«არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიხიოთ უკან. კიდევ უნდა დავამატოთ პოლიციის საგუშაგოები»

ინტერვიუ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან.

– ბატონო გიორგი, გუშინ ცნობილი გახდა, რომ 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანის ტყეში ქართულმა მხარემ გზა გაიყვანა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა.  რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება თბილისმა ეხლა და რატომ მაინცდამაინც ამ ტერიტორიაზე? თქვენი აზრით, რას შეიძლება, უკავშირდებოდეს ეს და რა გეგმა აქვს თბილისს?

– ვხედავთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონაში თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა, მათი უკანონო გატაცებები, მათი საკუთრების მიტაცების ფაქტები. აქედან გამომდინარე, გამყოფ ხაზთან ჩვენი პოლიციური ძალების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი მხრიდან საკმაოდ ეფექტური და წარმატებული ოპერაცია იყო. ამის აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. ერთია, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ე.წ. საზღვრების არსებობას, მაგრამ ფაქტობრივი რეალობა გვაქვს ასეთი, რომ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო გამყოფი ხაზი, სადაც მთავრდება ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და იწყება რუსეთის მიერ ოკუპირებული ზონა. ასე, რომ ქართული მხარის ნაბიჯი მისასალმებელია.

–  მაგრამ რატომ ხდება ეს მაინდამაინც ეხლა და რატომ მაინცდამაინც ამ ტერიტორიაზე?

– რატომ შეირჩა ეს პერიოდი და ეს დრო, ცოტა რთული სათქმელია - აქ ნებისმიერი შეფასება შეიძლება, დაემსგავსოს რაღაც შეთქმულების თეორიებს, რადგან ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა მოტივი ჰქონდა სახელმწიფოს, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება, ეს დაკავშირებული ყოფილიყო გუგუტიანთკარის თემასთანაც - «თუ ოსები ამას გააკთებენ, მოდით, ჩვენც შეგიქმნით პრობლემებსო»; შეიძლება, არსებობდა რისკი, რომ დამატებით უკვე ამ მიმართულებითაც გააქტიურებულიყვნენ ოსები...  მაგრამ თუ ხელისუფლება ეცდება, გამოიყენოს ეს თემა რაღაცა თავისი პოლიტიკური ქულების გასამრავლებლად, ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის: ეს არ არის თემა, რომელზეც შეიძლება, ააწყო პოლიტიკური კარიერა, დაგეგმო წინაასაარჩევნო კამპანია. ამ თემებით არ ვაჭრობენ და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ნამდვილად არ უკავშირდება რაღაც წინასაარჩევნო მოქმედებას.

თუ ეს გაკეთდა პრინციპით „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“,  კარგია, შეიძლება, ეს არ გაკეთდა ადრე, რადგან იყო რაღაც მცდელობა რუსეთის ფედერაცისთან მოლაპარაკებების, დათმობებზე წასვლის. ჩვენს ხელისუფლებას ხომ, სამწუხაროდ, აქვს ერთგვარი დაყვავების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რომ არ გააღიზიანოს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვხედავთ, ეს პოლიტიკა არ მუშაობს და არ მუშაობდა 90–იანი წლებიდან. მოსკოვთან ძალიან რთულია დაყვავების პოლიტიკის წარმოება, მას მხოლოდ ძალისმიერი არგუმენტი ესმის. გასაგებია, რომ არ შეგვწევს ძალა, ვაიძულოთ მოსკოვს რაღაც ნაბიჯების გადადგმა  და უკან დახევა, მაგრამ ელემენტარულად რაც არის მთავრობის ფუნქცია - დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და ძროხას რომ გაეკიდება მწყემსი, არ დაიჭირონ და ცხინვალის იზოლატორში არ აღმოჩნდეს, - ეს შუძლია, გააკეთოს და უნდა გააკეთოს კიდეც ხელისუფლებამ.

ის, რაც სადღეისოდ გააკეთა ქართულმა მხარემ, ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებები უნდა დაწყებულიყო გაცილებით ადრე და უნდა ყოფილიყო გაცილებით უფრო მასშტაბური, რადგან ჩვენ გვჭირდება ოკუპირებული ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან მკაცრი და სერიოზული კონტროლი.

– ამ კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით ცხინვალშიც განსხვავებული ხედვები აქვთ: ზოგი თვლის, რომ ტერიტორია «ქართულია», ზოგი -  რომ «ოსური»....

– ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ისტორიულად იყო თუ არა ეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ნაწილი – ამას ფაქტობრივი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან დღეს იქ ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

– დღეს ოსურმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ 95-ე შეხვედრა სწორედ ჩორჩანას საკითხის გამო ჩაშალა. გვესაუბრნენ ულტიმატუმის ენით. რა საფრთხეებს შეიძლება, უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი ჩვენთვის?

– ვფიქრობ, შეიძლება, ჩვენი მოქალაქეების გატაცების ფაქტები კიდევ უფრო გახშირდეს. თუმცა სამხედრო გართულება ამ მიმართულებით სადღეისოდ ნაკლებ სავარაუდოა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის განხორციელების პოლიტიკური ფასი დღევანდელ საერთაშორისო მოცემულობაში წესით, იქნება ძალიან მაღალი რუსეთისთის. რთულია, ვიმსჯელოთ, რამდენად რაციონალური აქტორია მოსკოვი, მაგრამ  მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს, შეარბილოს სანქციები, გააუმჯობესოს ურთიერთობა ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან, მან რომ უცებ კვლავ მიიღოს აგრესორის  სტატუსი, ეს მისთვის ძალიან ცუდი იქნება. და არც სოფელ ჩორჩანას გააჩნია ის ღირებულება, რომელიც რუსეთს აგრესორის სტატუსად უღირს. დღეს ვითარება შეცვლილია იმ მიართულებით, რომ საქართველო უფრო ადვილად მიიღებს საერთაშორისო მხადრაჭერას, ვიდრე  მიიღებდა თუნდაც რამდენიმე თვის წინ, რადგან რუსული საგარეო პოზიციები მეტ-ნაკლებად მაინც შესუსტებულია. გასაგებია, რომ ცალკეული ევროპელი ლიდერები შეიძლება, რაღაც შერბილებულ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკელი სენატორების, ასევე ევროკავშირის ლიდერი არაერთი სახელმწიფოს პოზიციები, რომ არ შეიძლება, რუსეთი დღეს მივიღოთ, როგორც თანასწორი წევრი იგივე  „დიდ რვიანში“...  

რაც შეეხება დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს, ის ამ შემთხვევაში უბრალოდ ცდილობს, «შეინარჩუნოს სახე», თუნდაც შიდა აუდიტორიასთან მიმართებაში, რადგან გამოდის და ათასგვარ ტერიტორიულ პრეტენზიას გვიყენებს, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ჯამში, არც ისე აკონტროლებენ ვითარებას, როგორც წარმოედგინათ. თუმცა, ცხადია, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებას არა ცხინვალში, არამედ მოსკოვში იღებენ და ვიმეორებ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან განომდინარე, ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა სერიოზული სამხედრო კონფრონტაცია, თუმცა იქნება ვითარების დაძაბვის მცდელობები და იქნება მცდელობა მუდმივ რეჟიმში იმისა, რომ შეგვიქმნან დამატებითი დისკოფორტი. თუმცა ეს ჩვენ ისედაც არ გვაკლდა - დაწყებული ჩვენი მოქალაქეების მკვლელობებით, გატაცებებით და დამთავრებული კერძო საკუთრების ხელყოფით.

– ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ ხელისუფლების მხრიდან სრული დუმილი იყო, თუ არ ჩავთვლით სუს–ის განცხადებას. ამ დრომდე ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებიათ ქვეყნის პირველ პირებს – პრეზიდენტსა და პრემიერს. თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ეს?

– ნამდვილად ვხედავთ, რომ იქ, სადაც საჭიროა, ძალიან აქტიური იყოს სახელმწიფო და ძალიან ხმამაღლა საუბრობდეს, რაღაცის გამო თავს იკავებენ. პირველ რიგში,  უკვე ვისაუბრე რუსეთის მიმართ დაყვავების პოლიტიკაზე. ეს, ერთის მხრივ, ახსნადია, მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთი ისედაც ყველაფრზე ღიზიანდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პროაქტიურობა ნამდვილად არ არის ჩვენი დიპლომატიის ძლიერი მხარე. ეს დუმილი მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს გაურკვევლობა; სახელმწიფოს ფიზიკურად არ გააჩნია დროში და რესურსებში გაწერილი, შედეგებზე ორიენტირებული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელსაც უნდა გაჰყვეს ქვეყანა. ელემენტარულად, ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც, ჩემი აზრით, დიდ გაუმჯობესებას საჭიროებს, 2011 წელს არის ბოლოს განახლებული. ვხედავთ, რომ ძირითადად ცალკეულ ძალოვან უწყებებს აქვთ გადანაწილებული ძირითადი მიმართულებები. მათი შიდაუწყებრივი კომუნიკაციის დონეზე ხდება უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია, მაშინ, როცა გაცილებით მაღალი ხარისხის კოორდინაციაა საჭირო ამ მიმართულებით. გაცილებით უფრო მეტი კონცეპტუალური ხედვაა საჭირო, რომელიც, სამწუხაროდ, არ იკვეთება.

ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში დღემდე არ არსებობს უსაფრთხოების პოლიტიკასთან და ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი.

– რა უნდა მოიმოქმედოს შექმნილ ვითარებაში თბილისმა? გამოსავალს რაში ხედავთ?

– ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიხიოთ უკან. კიდევ უნდა დავამატოთ პოლიციის საგუშაგოები. ამჟამად ძნელია პროგნოზირება, გახსნიან თუ არა სხვა მიმართულებითაც. რაც მთავარია, უნდა გვქონდეს ძლიან მიზანმიმართული, დროში გაწერილი, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, კოორდინირებული პოლიტიკა  ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონაში ჩვენი მოქლაქეების უსაფრთხოება, რომ ადამიანი რომ გამოვა სახლიდან, საღამოს ისევ დაბრუნდეს შინ მშვიდობით. ეს გეგმა თანაბრად მხარდაჭერილი და ლობირებული უნდა იყოს როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. ერთ ხმაში უნდა საუბრობდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება