"ინციდენტების პრევენციის ფორმატის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა მიუღებელია"

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ოსური მხარის მიერ ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრის ჩაშალის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ინციდენტების პრევენციის ფორმატის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა მიუღებელია".

დღეს ერგნეთში შედგა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, ცხინვალის დე ფაქტო წამომადგენლების გასვლის გამო ვერ დასრულდა. ქართული მხარისათვის ეს შეხვედრები, ზოგადად, მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამჯერადაც ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მაღალი მნიშვნელობის თემებს.  მოგეხსენებათ, ამ თვის განმავლობაში არაერთ პროვოკაციულ მოქმედებას ჰქონდა ადგილი. იგივე გუგუტიანთკარში უკანონო ბარიკადების მშენებლობას, ადგილობრივების დაკავებას, გადაადგილების თავისუფლების დამატებით შეზღუდვებს და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში გახლდათ. ამიტომ, ნამდვილად არ შეიძლება კითხვის ნიშნები ისმებოდეს ამ ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა ფორმატის ჩაშლისა", – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით ოსურ და რუსულ მედიასაშუალებებში ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა, რომლებიც შემაშფოთებელია.

„ცხადია, ამ განცხადებების შინაარსის განხილვაში ვერ შევალთ და არც არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პოლიციის მოქმედებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, მით უფრო ეს სეგმენტი გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მე არ ვიცი, რას ემსახურება ეს, თუმცა მინდა, მოვუწოდო ყველა პირს, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებებისა და მით უფრო მოქმედებებისგან, რომლებიც ცალსახად აღიქმება როგორც ვითარების ესკალაციის მცდელობა და შესაძლოა, ადგილზე უსაფრთხოებისათვის დამატებით რისკებს აჩენდეს.

ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგა შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, არაერთი კომუნიკაცია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რომლებიც ასევე იყვნენ წარმოდგენილნი დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ჩართული გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ინტერესშია, რომ იყოს მშვიდობა და რაიმე დამატებითი რისკები არ შეიქმნას“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის: დღეს ოსურმა მხარემ ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა ჩაშალა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს  სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განუცხდა.

„შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იყო დაფიქსირებული, რომ IPRM არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი, ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია, განხილული იყოს დიალოგის გზით. ჩვენი შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ ჩაშალეს შეხვედრა“, – განაცხადა ანთაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერ  გართულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას  დაეკისრება.

„რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, ქართული პოლიციის საგუშაგო, რომლის აღებასაც ითხოვს ოსური მხარე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და ადგილზე დარჩება.

„პოსტი არის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ამას წყვეტს ქართული სახლემწიფო, სად განალაგენს პოლიციის პოსტებს. ყველა სხვა პრეტენზია და უსაფუძვლო ბრალდება არის მიუღებელი“, – დასძინა მან. 

შექმნილ მძივე ვითარებაში ანთაძე გამოსავალს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით დიალოგში ხედავს.

ერგნეთში შემდეგი შეხვედრა 2 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი და ანთაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრა შედგება. 

დღევანდელი შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს, როგორც ოსური, ისე რუსული დელეგაციის წევრებმა და ევროპელმა დიპლომატებმა.

იხილეთ ასევე: ცხინვალი "ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეზე" საუბრობს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29  აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი  დღით  ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა  განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა  შეიძლება, დაარღვიოს”.

გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხულოში ხანძარს შვიდი სახლი ემსხვერპლა