რა შემთხვევაში აიღებს ქართული მხარე სოფელ ჩორჩანასთან განთავსებულ პოლიციის საგუშაგოს

უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე განმარტავს, რა შემთხვევაში აიღებს ქართული მხარე სოფელ ჩორჩანასთან განთავსებულ პოლიციის საგუშაგოს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დააპირებს პოლიციის საგუშაგოს დაშლას  იმ შემთხვევაში, თუ იგი შექმნის გარკვეულ პრობლემებს  ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება, ცხოვრობდნენ ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს. მოცემული მომენტისთვის მსგავსი არაფერი ხდება, პირიქით, აღნიშნული საგუშაგო ასრულებს იმ მისიას, რომ ადგილზე ყველასთვის მაქსიმალური უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საგუშაგო დარჩება იქ, სადაც არის“, – განაცხადა ქემოკლიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, „ეს არის ის ტერიტორია, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური იურისდიქცია ვრცელდებოდა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომამდე და მის შემდეგაც“.

როგორც ქემოკლიძემ განაცხადა, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმის ვადის გასვლიდან 4 საათის შემდეგ საგუშაგოსთან სიმშვიდეა.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან შსს-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია სროლის შესახებ, თუმცა როგორც ქემოკლიძემ განაცხადა, აღნიშნული ნადირობის სეზონს უკავშირდება:

"ამ დროისთვის ადგილზე ვითარება არის სტაბილური. არის სიმშვიდე. რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს".

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ „მოხდება ვითარების დარეგულირება მოლაპარაკებების გზით და ამისთვის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სრულ მზაობას აცხადებენ“.


ცნობისთვის: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29  აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი  დღით  ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა  განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა  შეიძლება, დაარღვიოს”.

29 აგვისტოს ოსურმა მხარემ ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა ჩაშალა.

ხილეთ ასევე: ცხინვალი "ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეზე" საუბრობს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მისცა. 

ამ დროისთვის ქართული მხარე აცხადებს, რომ საგუშაგოს აღებას არ აპირებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია:"სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი არც კი განიხილება"

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს