11 შეწყვეტილი სიცოცხლე: „ეს სისტემური პრობლემებია“

ქვეყანაში, რომელიც დანაკარგიდან დანაკარგამდე ცხოვრობს, შრომითი უსაფრთხოების საკითხები კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება. სტატისტიკა რიცხვებს ყოველ წელს აჯამებს, მაგრამ ეს არა უბრალოდ არითმეტიკა, არამედ თითოეული ოჯახის, ქვეყნის ტრაგედიაა. მაგალითად, ორი წლის განმავლობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიას“ 11 თანამშრომელი დაიღუპა [2017–5, 2018–6].

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში გასულ წელს შრმოთი უსაფრთხოების კანონი ძალაში შევიდა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც მათ შორის ენერგოობიექტებზეც ახორციელებს შრომითი უსაფრთხოების ინსპექტირებას, თუმცა დეპარტამენტი ამ ეტაპზე არ სწავლობს შრომითი უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისევ უსაფრთხოებასთან არის პირდაპირ კავშირში.

რატომ შეწყდა 11 სიცოცხლე

როგორც „აქცენტს“ „ენერგო–პრო ჯორჯია“–ში განუცხადეს, თითოეულ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაღუპული თანამშრომლების მიერ იქნა დარღვეული.


„უკვე დასრულებული თუ მიმდინარე გამოძიების საფუძველზე დასტურდება, რომ დაღუპვის ყველა შემთხვევა, სამწუხაროდ, გამოწვეული იყო თანამშრომლის მიერ უსართხოების ნორმების არდაცვის გამო. კომპანია, ყველა შემთხვევაში, სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ყველა თანამშრომელს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, უსასყიდლოთ აზღვევს საქ-ში მოქმედ ერთ-ერთ მსხვილ სადაზღვევო კომპანიაში. ისინი დაზღვეულნი არიან საბაზისო პაკეტით, სადაც სხვა სამედიცინო მომსახურებებთან ერთად, გათვალისწინებულია უბედური შემთხვევის და სიცოცხლის დაზღვევა. თანამშომლებს აქვთ იმის საშუალებაც, რომ სურვილის შემთხვევაში აირჩიოთ დაზღვევის უფრო მაღალი პაკეტებიც. გარდაცვლილი თანამშროლების ოჯახებს ფინანსურად ეხმარება ასევე თავად ენერგოკომპანია.

2017-2018 წლებში გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახებს გეწიათ ათობით ათასი ლარის დახმარება. ასევე, აღნიშნულ ოჯახებს სადაზღვევო კომპანია, სიცოცხლის დაზღვევას უნაზღაურებს ლიმიტების შესაბამისად“.

„პრობლემა სისტემურია“

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელი ამირან ზენაიშვილისტატისტიკას საგანგაშოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პრობლემა არა ლოკალური, არამედ სისტემურია:  

„საგანგაშო სტატისტიკა მიანიშნებს, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხები სათანადოდ არ არის დაცული. ქვესადგურები, ენერგოობიექტები და ა.შ. გასამართია.  კომპანიამ 2018 წელს შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გარკვეული თანხები დახარჯეა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არაა. გარდა ამისა, შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონი ავალდებულებს მხარეებს, ამ ურთიერთობებში პროპკავშირის წარმომადგენელიც ჩართოს, თუმცა ამ მოთხოვნას არ ასრულებენ.  რაც არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში თავად დაზარალებულს დააბრალებენ. ეს არასწორი მიდგომაა. სწორედ იმიტომ, რომ შესაბამის დასკვნებს ნდობის მაღალი ხარისხი ჰქონდეს, დასაქმებულების წარმომადგენელი უნდა ჩართონ შესწავლის პროცესში“.


ზენაიშვილს მაგალითები მოჰყავს:

„მაგალითად, ავარიებზე გამოძახებები ხშირ შემთხვევაში არასამუშაო დროს ხდება. თუ მსგავსი შემთხვევისას დასაქმებულს რაიმე სახის ზიანი მიადგება, კომპანია ხელს დაიბანს – „არასამუშაო დროს გავიდაო“. მათ სისტემა ისე აქვთ მოწყობილი, რომ უბანზე, სადაც ეს [გამოძახებული] პიროვნება მუშაობს, ამავე სოფლის წარმომადგენელია. ანუ, დავალებაზე კომპანია უშვებს, თუმცა ეს ოფიციალურად არსად ფიქსირდება. ჩვენ ამ საკითხის დარეგულირებას ვითხოვდით.

ამასთან, არ არის მოწესრიგებული ზეგანაკვეთური სამუშაოს სისტემა. ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს. თუ დასაქმებულს აქვს სურვილი, დღემაგიერი უნდა მიიღოს, მაგრამ ფაქტობრივად, 99%–ს დღემაგიერის ნაცვლად თანხა უნდა. რიგ შემთხვევებში ისინი კუთვნილ შვებულებასაც კი ვერ იყენებენ ბოლომდე. კომპანიამ შიდაგანაწესში ჩაწერა, რომ ზეგანაკვეთურის ნაცვლად გაიცემა დღემაგიერიო. ჯერ ერთი, კოდექსში წერია, რომ ეს საკითხი მხარეთა შეთანხმების საგანია და არა შიდაგანაწესით ცალმხრივად დადგენილი პირობა, რომელსაც შემდეგ გააცნობენ მხარეს, რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებითი შემადგენელია. ეს ნების თავისუფალი გამოვლენა არაა“.

ზენაიშვილის თქმით, კომპანიაში დადგენილი დაბალი ხელფასები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის:   

„როდესაც ზეგანაკვეთური სამუშაოს ფულადი ანაზღაურების საკითხი დავსვით, გვითხრეს, „სემეკი ამისთვის თანხას არ გვაძლევს, მაშინ ხელფასები უნდა დავაკლოთო“. რაღა უნდა დააკლონ, ისედაც ყველაზე დაბალი ხელფასებია – სახელმწიფო სისტემაში, „თელასშიც“ გაცილებით მაღალი ხელფასებია, ვიდრე „ენერგოპროში“. ელექტრიკოსებს აქვთ 650, 700, 750; ოფისში მომუშავე პერსონალს 500–იც აქვთ, მძღოლებიც უკმაყოფილოები არიან. მაღალი მენეჯმენტისა და დაბალი რანგის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებაში არაადეკვატური სხვაობაა. ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. გაეროს კონვენციით, ხელფასებში მსგავსი სხვაობა დაუშვებელია. შესაბამისად, კომპანიას პროფესიონალი ელექტრიკოსების სერიოზული გადინების პრობლემა აქვს. კომპანია სამუშაო ადგილებს ახალი თანამშერომლებით ავსებს, რომელთაც გადინებული პროფესიონალების მსგავსი გამოცდილება და ცოდნა არ აქვთ.

გარდა ამისა, ელექტრიკოსს არ უნდა ჰქონდეს უფლება, მარტო გავიდეს ავარიის ადგილზე. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ–ერთი დასაქმებული ბოძიდან ჩამოვარდა, თან არავინ ახლდა, იწვა მიწაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ გარდაიცვალა. მას თან ვინმე რომ ხლებოდა, შესაძლოა, მსგავსი ფატალური შედეგი არ დამდგარიყო“.

როგორც ზენაიშვილი აღნიშნავს, კომპანიას პროფკავშირებთან კონფლიქტურ  ურთიერთობაშია.   

„თუ რომელიმე თემაზე გავაქტიურდებით, შემდეგ საერთოდ აღარ გელაპარაკებიან. მაგალითად ახლა კოლექტიურ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და „ენერგოპრო“ აღარ გვიგრძელებს.

ვითხოვთ მუდმივმოქმედი კომისიის შექმნას, რომელიც თვეში ერთხელ მაინც შეიკრიბება და არსებულ პრობლემებზე იმსჯელებს, მაგრამ არ ქმნიან. რეალურად ეს მათსავე ინტერესში შედის – პრობლემა ხმაურამდე აღმოიფხვრას. ჩვენ პარტნიორად არ აღგვიქვამენ, მიგვიჩნევენ რაღაც ინტრიგნულ ორგანიზაციად, რომელიც ითხოვს ხელფასების ზრდას და ა.შ. ჩვენ ჩვენს მოთხოვნებს ვასაბუთებთ: რატომ უნდა იყოს „ენერგოპროში“ ყველაზე დაბალი ხელფასი? ელექტრიკოსი ყველგან ელექტრიკოსია; იმფლაციის დონემ ისე აიწია, რომ ხელფასის მისადაგება უნდა მოხდეს; გარდა ამისა, კომპანია დაბალი ხელფასის გამო კარგავს პროფესიონალებს;

კომპანია კერძოა, მაგრამ თანხები – რეაგულირებადი. მას სემეკი უსაზღვრავს ტარიფს და ამ ტარიფში სვამს, რა ხარჯები უნდა გაიწიოს. და კომპანიაც სწორედ ამით მანიპულირებს – „სემეკ–მა არ მომცა თანხმობა“ და ა.შ. სემეკი კი ჩვენ გვეუბნება, რომ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს ხელფასები დადგენილი ტარიფის ფარგლებში“.

როგორც ზენაიშვილი აღნიშნავს, მის მიერ დასახელებული პრობლემები საბოლოო ჯამი სწორედ უსაფრთხოებასთან არის კავშირში და საკითხისადმი მიდგომაც მთლიანი სურათის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

„ამ დარღვევების თავიდან აცილებისთვის არსებობს შრომითი უსაფრთხოების კანონი, რომელიც პროფკავშირების ჩართულობასაც ითვალისწინებს. რომელსაც არ სთანხმდებიან და იწყება პრობლემები“,– დასძენს ზენაიშვილი.

ენერგეტიკოს გია არაბიძეს კი მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია პერსონალის სამუშაოზე დაშვების სისტემა. როგორც ენერგეტიკოსი „აქცენტთან“ საუბრისას აცხადებს “მნიშვნელოვანია, რომ პერსონალის  საკვალიფიკაციო საგამოცდო პროცესში ჩართული იყოს არა მხოლოდ თავად დამსაქმებელი კომპანია, როგორც ეს ამჟამად ხდება, არამედ დამოუკიდებელი ორგანო“:


„ეს სრულად ვერ აღმოფხვრის პრობლემებს, მაგრამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვითარებას“

 

რას ამბობენ „ენერგო–პრო“–ში

„იმისათვის, რომ თანამშრომლების უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული, კომპანიაში შექმნილია შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი. ასევე კომპანიის ბაზაზე ფუნქციონირებს 5 სასწავლო პოლიგონი, სადაც პერიოდულად ტექნიკური პერსონალი გადის პრაქტიკულ სწავლებას. როგორც წესი, წელიწადში ერთხელ მათ უტარდებათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებები, ვარჯიშები და ავარია-ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟები. ასევე წელიწადში ერთხელ, კომპანიაში ტარდება საკვალიფიკაციო გამოცდები, საიდანაც მოწმდება რამდენად არის მზად თანამშრომელი სამუშაო პროცესში ჩასართველად. მომზადდა შრომის დაცვის სპეციალური ინსტრუქციები, რომლის დაცვა სავალდებულოა ტექნიკური პერსონალისთვის. თანამშრომლები აღჭურვილნი არიან სპეც ტანსაცმლით, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით. მათივე უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს მოულოდნელი შემოწმებები, რის შედეგადაც მოწმდება ხომ არ არის დაშვებული შეცდომები მუშაობისას. მომავალი კვირიდან, კომპანიის თანამშრომლებს ტრეინინგს ჩაუტარებენ ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების დაცვის კომპანია ,,საფკო“-ს ტრენერები. აღნიშნული კომპანია გასცემს საერთაშორისოდ ავტორიზებულ IOSH (Institution of Safety and Health) სერთიფიკატს. შესაბამისად, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კიდევ უფრო მაღალკვალიფიციური ტრენერები ჩაუტარებენ სწავლებებს ტექნიკურ პერსონალს“.

სახელმწიფოს როლი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების ექსპერტი ნიკა კაკაშვილი „აქცენტთან“ საუბრისას აღნინავს, რომ შრომითი უსაფრთხოების ინსპექტირების პროცესში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა  საერთაშორისო სტანდარტებს მაინც მნივნელოვნად ჩამორჩება. შესაბამისად, როგორც კაკაშვილი აცხადებს, მექანიზმი, შეზღუდული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ეფექტური არ არის.  კერძოდ, შრომის უსაფრთხოების ექსპერტის თქმით,  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს წელიწადში ერთხელ აქვს პირველადი ინსპექტირების გაუფრთხილებლად ჩატარების უფლება, შემდეგ ახორციელებს  გენინსპექტირებას. აქვს სანქციის გაცემის უფლება და უბედური შემთხვევის დროს, ინსპექციის განხორციელების შესაძლებლობა. ხოლო უსაფრთხოების პირობების დარღვევის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში ობიექტზე შესვლის უფლებისთვის უნდა მიმართონ სასამართლოს:

„დეპარტამენტისთვის საზედამხედველო ობიექტში შესვლასთან დაკავშირებით არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს.  მან სასამართლოს შუამდგომლობით მხოლოდ კომპანიის დაჯარიმების თაობაზე უნდა მიმართოს. რაც შეეხება შესვლაზე ნებართვას, მსგავსი რამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, ჩვენს პრაქტიკაშიც კი სხვა საზედამხედველო ობიექტები არ მიმართავენ სასამართლოს. გარდა ამისა, ისინი მხოლოდ შრომით უსაფრთხოების საკითხებს ამოწმებენ და არ აქვთ უფლება, შეამოწმონ შრომითი კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების აღსრულების საკითხი – ზეგანაკვეთური შრომა, რა მდგმარეობაა და ა.შ.“.

მისივე ინფორმაციით, დეპარტამენტში ამ ეტაპზე 30 ინსპექტორია დასაქმებული, 2019 წლის 1 სექტემბრამდე კი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, მათი რიცხვის 80–მდე გაზრდაა დაანონსებული.  

ინსპექტორები ორ ნაწილად უნდა გაიყონ. ნაწილმა უნდა შეამოწმოს შრომითი უსაფრთხოების საკითხი, მეორე ნაწილმა – შრომითი კანონმდებლობით დადგენილი სხვა თემები“,– აღნიშნავს კაკაშვილი.

მანამდე კი შრომითი პირობებით უკმაყოფილო დასაქმებულების, თუ დაზარალებულების გზად სასამართლო რჩება, თუმცა როგორცნ ირკვევა, ესეც პრობლემური საკითხია.

„სასამართლოში დაზარალებული წარმოადგენს მხარეს და მან თუ არ იდავა, ჩვენ ვერ მივმართავთ, გვაქონდა შემთხვევები, როდესაც პირველ ეტაპზე დაზარალებული თანახმა იყო სამართლებრივ დავაზე,შემდგომ დამსაქმებლები რაღაცეებს პირდებიან – ოჯახის წევრის დასაქმებას, მცირე ფულად კომპენსაციას, დაკრძალვის ხარჯებს და ა.შ. და ასე აჩერებენ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაზარალებულებს ჰქოფნით ენერგია, ბოლომდე იდავონ. იცით, რომ ჩვენს სასამართლო სისტემაში წლობით გრძელდება პროცესები და ყველას არ აქვს ნერვები, სახსრები, პროცესებს ბოლომდე მიჰყვეს, მიუხედავად იმისა, რომ თუ ჩვენი წევრია, მის უფლებებს უსასყიდლოდ ვიცავთ“,– უყვება „აქცენტს“ კაკაშვილი.

ამდენად, დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ თმენის და ეფექტური ინსპექტირების მოლოდინის რეჟიმში გადადის.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"