"პრინციპულად არ შევასრულებთ რუსეთის უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებსს ეხმიანება და აცხადებს, რომ "რუსეთი საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს და ქართული მხარე მათ უკანონო და უსამართლო მოთხოვნას პრინციპულად არ შეასრულებს".

მისი თქმით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმის კურსში არიან ქვეყნის პარტნიორები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა.

"ეს არის საქართველოს სახელმწიფოს პოლიციის საგუშაგო, რომელიც იცავს მოქალაქეების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდეს. ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისგან, რადგან ეს ეხება სამშობლოს, მის ერთიანობას და ამ მიმართულებით ყველანი ერთსულოვანი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მისცა. 

ამ დროისთვის ქართული მხარე აცხადებს, რომ საგუშაგოს აღებას არ აპირებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია: "სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი არც კი განიხილება"

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს