ოსური უშიშროება: "თბილისი რევანშისტული განცხადებებით ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს"

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი სოფელ ჩორჩანას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისი რევანშისტული განცხადებებით ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს.

"საქართველოს მხარე არ წყვეტს რევანშისტული განცხადებების გაკეთებას და ამით კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სეგმენტში შესაშური თანმიმდევრობით ჩნდება პუბლიკაციები, რომლებშიც ისმის მსგავსი განცხადებები. საქართველოს მხარის მოქმედებები ოსურ სოფელ უისტაში სიტუაციის დესტაბილიზაციის პირდაპირ საფრთხეს ქმნის. სრული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მხარეს ეკისრება“, - ნათქვამია დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. 

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მისცა. 

ამ დროისთვის ქართული მხარე აცხადებს, რომ საგუშაგოს აღებას არ აპირებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია: "სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი არც კი განიხილება"

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს