ბაქრაძე: "მხარს ვუჭერთ ჩორჩანაში პოსტის შენარჩუნებას, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარტია მხარს უჭერს სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს შენარჩუნებას. 

"საოკუპაციო ძალა, რომელიც არღვევს ყველანაირ კანონს და სამართალს, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას, რომელიც ღობავს ჩვენს სოფლებს, რომელიც იტაცებს ადამიანებს, "გაღმა შეედავეს" პრინციპით ცდილობს ახლა ქართულ მხარეს გააუქმებინოს სრულიად კანონიერი პოლიციის საგუშაგო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ და რა თქმა უნდა, არამხოლოდ ეს კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომელიც გაუქმებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში. ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი წესრიგის და მშვიდობის დაცვისთვის, ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამიტომ ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, უნდა იმოქმედოს მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მისიასთან ერთად არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ. პოსტი უნდა იქნეს შენარჩუნებული, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს და დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ და მშვიდად მოქმედების შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართვის შემთხვევაში არანაირი ნეგატიური შედეგი ამას არ მოჰყვება და პირიქით, ეს პოსტები უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს, სტაბილურობას და მეტ დაცულობას", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მისცა. 

ამ დროისთვის ქართული მხარე აცხადებს, რომ საგუშაგოს აღებას არ აპირებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია: "სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი არც კი განიხილება"

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები