თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა: „საგუშაგო რჩება ამ ადგილზე“

ქართული მხარისა და  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც ოკუპირებულ სოფელ წნელისში გაიმართა, დასრულებულია. 

როგორც დაახლოებით 2– საათიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა, „ჩორჩანასთან განთავსებული საგუშაგო რჩება“.

„ბუნებრივია, დაისვა გარკვეული კითხვები საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით, თუმცა ლოგიკური არგუმენტები იმისა, რომ რატომ არ უნდა იყოს ეს საგუშაგო აქ განთავსებული, ვერ მოვისმინეთ.  ჩვენი დასაბუთება ვუთხარით და შესაბამისად, საგუშაგო რჩება ამ ადგილზე და ჩვენი ბიჭები უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებენ აქ ისე, როგორც წინა დღეებში ახორციელებდნენ“, – განაცხადა ბორცვაძემ

მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ქართულ მხარესთან ულტიმატუმის ენით საუბარს. 

„როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან“, – განაცხადა ბორცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა „შედგა კონსტრუქციულ რეჟიმში, ყოველგვარი გართულებების გარეშე მშვიდ გარემოში“.

„მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით, რომ ამან შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში.  საგუშაგო განთავსებულია ერთადერთი მიზნით – უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ჩვენი არგუმენტებით გარკვეულწილად დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ერთადერთი მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა", – განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, მხარეებს შორის შემდეგი შეხვედრა ერგნეთში მომავალ კვირაში გაიმართება. 

"შემდგომი შეხვედრა გაიმართება ერგნეთში მომავალ კვირას. კონკრეტული დღე დაზუსტდება ცხელი ხაზის მეშვეობით და ტექნიკურ დეტალებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ სოფელ ერგნეთში“, – დასძინა მან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ.

ირაკლი ანთაძე:

„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული, თუმცა შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები, რომ არის მზაობა, გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რათა შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ არ გადაიდგას არანაირი ნაბიჯი მდგომარეობის ესკალაციისთვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეთანხმება მომავალ კვირაში ტექნიკური შეხვედრის ჩანიშნვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შეხვედრის ზუსტ თარიღს, ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში მხარეთა შეთანხმებით“.

კახა ქემოკლიძე:

„სოფელ ჩოჩრანასთან საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობასა და დე ფაქტო მთავრობას აქვთ დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ კონსტრუქციულ ჭრილში თანამშრომლობა გაგრძელდეს. ცხინვალის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს ის შფოთვა, რომელიც მოსახლეობას გააჩნია. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მათი შფოთვა და წუხილი არის ჩვენი წუხილი, მაგრამ ამავდროულად, ავუხსენით ის ფაქტობრივი მოცემულობები, რომელიც ასახავს ამ საგუშაგოს მნიშვნელობას უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობის კუთხით და არა პირიქით“.

შეხვედრის შესახებ წერს ოსური მედიაც, როგორც ოსი ჟურნალისტები აღნიშნავენ, „3-საათიანი შეხვედრის შედეგად მხარეებმა საგუშაგოსთან დაკავშირებით სრულ თანხმობას ვერ მიაღწიეს“.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენეს