"ჩვენი პარტნიორები ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად არიან ინფორმირებული, აუცილებელია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ  "განსაკუთრებული სიმშვიდის შენარჩუნება არის აუცილებელი".

"აუცილებელია, რომ ჩვენ განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან", – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურადაა ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობა და ამოქმედებულია მთავრობის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი:

„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორები, ყველა ძალიან დეტალურად არის ინფორმირებული, მათი მხრიდანაც არის შესაბამისი მექანიზმები ამოქმედებული, რათა ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად, დეესკალაცია აუცილებელია. ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში, მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს. ჩართული არის ყველა ძირითადი აქტორი, მათ შორის ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებშიც შეხვედრაზე იმყოფება, ასევე ევროკავშირის მისია. მე მაქვს ჩემს კოლეგებთან, მათ ხელმძღვანელობასთან მუდმივი კავშირი, ისინიც არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესების შესახებ და ამ სიტუაციაში აუცილებელია, ჩვენ განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ავამოქმედებთ და ეს მექანიზმები უკვე ამოქმედებულია ყველა მიმართულებით".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა