თამარ მეარაყიშვილი ოსური “პროკურატურის” პირისპირ უადვოკატოდ დარჩა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმე განიხილება. თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო სასამართლოს წინაშე ადვოკატის გარეშე წარსდგება და დუმილის უფლებას გამოიყენებს. აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს ადგილობრივ დე ფაქტო პროკურატურასთან დავის გასაგრძელებლად ადვოკატის დაქირავებისთვის საჭირო ფინანსები არ აქვს. 

"რადიო თავისუფლების" თხოვნით მან ვიდეომიმართვა ოკუპირებულ ცხინვალში პროცესის დაწყებამდე ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის წინ ჩაწერა:


მანამდე მან "ფეისბუქში" პირად გვერდზე გამოაქვეყნა "პოსტი", რომელშიც წერს:

"ამ დაძაბულ დღეს მივდივარ ცხინვალში იმის დასამტკიცებლად, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. დანაშაული, რომლის დამტკიცებასაც 2 წელია ვერ ახერხებენ, მაგრამ აღიარებას მთხოვენ. დღეს პირველად ადვოკატი აღარ მეყოლება. დაცვას დუმილით შევეცდები. შეიძლება დარბაზში ჩემს მხარდასაჭერადაც ვერავინ მოვიდეს დაძაბულობის გამო. 

არ ვიცი საგუშაგოს, ტერიტორიის დაცვას ვინ რამდენად მოახერხებს, მაგრამ ერთი ქალის დაცვა რომ ვერ-არ მოახერხეს ეს ფაქტია. სახელმწიფო მხოლოდ მიწას და მკვდარს იცავს. მე ცოცხალი ვარ და არ ვარ საინტერესო. 

მადლობა ყველა მეგობარს, ნაცნობს, უცნობს ვინც მესამე წელია დაუღალავად მამხნევებს. მადლობა სამოქალაქო საზოგადოებას რომ ზრუნავდით ჩემზე. მე მიყვარს სამშობლო, მაგრამ მინდა სამშობლოსაც ვუყვარდე- 11 წელი სასამართლოებში არ უნდა დავყავდე ჩემთვის "რქების მოსატეხად".

ცნობისთვის: 2017 წელს ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და  ადგილობრივი მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამება. 

2019 წლის 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს ყველა ბრალდება და თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვა მოუხსნა.  მოგვიანებით რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

7 აგვისტოს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო პროკურატურის სარჩელი რაიონის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ და მისი საქმე განმეორებითი განხილვისთვის დე ფაქტო რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"