Bellingcat – ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ევროკავშირის საზღვარი ყალბი საბუთებით გადაკვეთა

საგამოძიებო გვერდმა Bellingcat-მა ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემასთან, Der Spiegel-თან და რუსულ The Insider-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ პირმა, რომელმაც ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, ევროკავშირის საზღვარი ყალბი საბუთებით გადაკვეთა.

Bellingcat–ის ცნობით, ხანგოშვილის მკვლელი გადაადგილდებოდა პასპორტით, რომელიც ეკუთვნოდა 1970 წლის აგვისტოში დაბადებულ ვინმე ვადიმ ანდრეის ძე სოკოლოვს.  ის რუსეთიდან ჯერ საფრანგეთში ჩაფრინდა, შემდეგ კი ბერლინში გაემგზავრა.

სოკოლოვი ევროკავშირის ტერიტორიაზე 2019 წლის ივლისში გაცემული პასპორტით შევიდა. თუმცა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა ასეთი სახელისა და გვარის და მონაცემების მქონე პიროვნებას ვერც ერთ მონაცემთა ბაზაში ვერ მიაკვლია. ამ გვარ-სახელის ადამიანი ვერც რუსეთის საპასპორტო მონაცემთა ბაზაში მოძებნეს.  ამასთან, ასეთი სახელის, გვარის და დაბადების თარიღის მქონე ადამიანს გასული ექვსი წლის მანძილზე შენგენის ზონაში არ უმოგზაურია და ვიზა არ აუღია.

Bellingcat–ის ცნობით, დიდი ალბათობით, სოკოლოვის ოპერაციაში FSB და GRU მონაწილეობდა. ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის დატოვებისას, პასპორტის კონტროლის გავლისას, “სოკოლოვს” პრობლემები უნდა შექმნოდა. წესით, მონაცემთა ბაზასთან შეუსაბამობის გამო, ყალბი პასპორტის ამოცნობა სირთულე არ უნდა ყოფილიყო.

სოკოლოვს საპასპორტო კონტროლის წარმატებით გავლა ორ ვარიანტში შეეძლო - ან მესაზღვრეებისთვის ცნობილი იყო, რომ ის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, ან მისი მონაცემები დროებით შეიყვანეს ბაზაში. Bellingcat ვარაუდობს, რომ სოკოლოვის მონაცემები მის საფრანგეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანს ბაზაში, შემდეგ კი კვლავ ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ სოკოლოვის პასპორტი არა ბიომეტრიული, არამედ ძველებური იყო. Bellingcat–ის ცნობით, ამის მიზეზი შეიძლებოდა ის გამხდარიყო, რომ ბიომეტრიულ პასპორტში დატანილია პიროვნების თითის ანაბეჭდები. იმ შემთხვევაში, თუ აგენტის თითის ანაბეჭდს დაიტანდნენ ყალბ პასპორტზე, ის დაემთხვეოდა აგენტის ნამდვილი პასპორტის ანაბეჭდს, რაც ყალბი პასპორტის აღებას შეუძლებელს გახდიდა. ბიომეტრიული პასპორტები კი რუსეთში უკვე 10 წელია გაიცემა. ძველებურ პასპორტებს მხოლოდ საგანგებო ვითარებებში გასცემენ.

ცნობისთვის: 23 აგვისტოს გერმანიაში საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მას მეჩეთთან "ქილერმა" ესროლა. 

როგორც გერმანული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, ხანგოშვილი ფეხით გადაადგილდებოდა, ხოლო მკვლელი, რომელმაც მაყუჟიანი იარაღი გამოიყენა - ველოსიპედით. მან  ხანგოშვილს თავის არეში ესროლა და შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა მალევე დააკავეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო.  ამასთან, „შპიგელის“ ცნობით, NATO-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს. 

„ბერლინერ კურიერი“ კი ხანგოშვილის მკვლელობას 2012 წელს საქართველოში,  ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის კრემლის მიერ ხელდასმული ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნებით ჩეჩენმა მოქალაქემ, 41 წლის ზელიმხან ხანგოშვილმა “სამშობლოსთან კავშირი დიდი ხანია, გაწყვიტა და გროზნოს მის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს”.

ამასთან, კრემლი კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ეროვნებით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან. შესაბამისი განცხადება 28 აგვისტოს დასავლური მედიასაშუალებების ვარაუდის კომენტირებისას პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

"ამ საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, სახელმწიფო ორგანოებთან.კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ მკვლელობის რაიმე სახის კავშირს ოფიციალურმოსკოვთან" - აღნიშნა მან.

ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა 2015 წელსაც განხორციელდა, იმჯერად - საქართველოში. მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრთდნენ და როდესაც ხანგოშვილი მანქანაში ჯდებოდა, მისი მისამართით 7-ჯერ გაისროლეს. მაშინ ხანგოშვილი გადარჩა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება "ჩიხში შევიდა", იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ხანგოშვილი მაშინ გამოთქვამდა ეჭვებს გამოძიების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ამ ეჭვებს ის გარემოებაც უმძაფრებდა, რომ "ქილერს" მისი გადაადგილების, პირადი მონაცემების შესახებ დეტალური ცნობები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, იგი იქ თავშესაფარს ელოდა, სხვა ქვეყანაში მისი წასვლის მთავარი მოტივი კი ის იყო, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

"აქცენტმა"  ხანგოშვილთან ერთ-ერთი ინტერვიუ 2016 წელს ჩაწერა. ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ეს მასალა შეიცავს, დღესაც საყურადღებოა:

"პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

იხილეთ ასევე: 7 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან - რა დეტალებზე საუბრობდა ზელიმხან ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუშია

ისხანოვი: "ზელიმხანის მკვლელობის კვალს, დიდი ალბათობით, რუსეთის საელჩოსკენ მივყავართ"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება