მოსკოვი ”სერიოზულადაა შეშფოთებული” დე ფაქტო საზღვარზე შექმნილი ვითარებით

რუსეთი ”სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე შექმნილი ვითარების  გამო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს”, - ამის შესახებ დღეს საღამოს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მოსკოვის მტკიცებით, “მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ოფიციალური თბილისი გამიზნულად ძაბავდა ვითარებას”.

"სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც ოსურ სოფელ წნოლისის მიდამოებში ქართული საგუშაგოს მშენებლობით იყო პროვოცირებული. ეს პროვოკაციული ქმედება განხორციელდა თბილისის მხრიდან არაერთგზის გამოთქმული უარის ფონზე, საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკებებში ჩართულიყო. ამ  პირობებში ოსური მხარე იძულებულია, საზღვრის საინჟინრო აღჭურვის მიზნით ყველა სამუშაო ცალმხრივ რეჟიმში ჩაატაროს. ეს სამუშაოები, რომელიც მიმართულია მოსახლეობის უსაფრთხო ცხოვრების  უზრუნველყოფისა და სხვადასხვაგვარი ინციდენტების პრევენციისკენ, წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას. მთელი ბოლო თვეების განმავლობაში თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა საზღვარზე ვითარებას პროვოკაციული აქციებისა და პროპაგანდისტული პოლილტიკური კამპანიების გამოყენებთ, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ეს არამც და არამც არ  უწყობდა ხელს მოძველებული სასაზღვრო პრობლემის გადაჭრას, პირიქით, ძაბავდა ატმოსფეროს რეგიონში, რამაც საბოლოოდ ამჟამინდელ გამწვავებამდე მიგვიყვანა. მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და სადავო საკითხების განხილვა ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატებში განაგრძონ” - ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირაკლი ღარიბაშვილი: „2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ“