"ჩვენ არ მოგვითხოვია ახალი ბიუროკრატიული მექანიზმის შექმნა" - ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი პრემიერის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩვენს ინიციატივას. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს არასოდეს მოუთხოვია ახალი ბიუროკრატიული მექანიზმის შექმნა. 

ვიზიარებთ ახალგაზრდების დიდი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ მთავრობამ სწორად უნდა შეაფასოს ახალგაზრდებში არსებული განწყობები, მათ შორის, არსებული ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი ბიუროკრატიული სისტემის მიმართ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით თვისობრივად ვერ გააუმჯობესებს არსებულ გარემოს და ვერ გააძლიერებს  კომუნიკაციას ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის. 

ასევე, ჩვენთვის გაუგებარია რატომ მოხდა მსგავსი უწყების შექმნა ახალგაზრდებთან ფართო და ღია კონსულტაციების გარეშე.

ჩვენი ინიციატივა, რაც გულისხმობს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნას, მთლიანად ეფუძნება მოხალისეობრივი საქმიანობის პრინციპს, რაც არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ფინანსურ რესურსს. ეს არის წარმატებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში აპრობირებული ფორმატი და მისი უპირატესობა გამოიკვეთება იმით, რომ საბჭოს საქმიანობას წარმართავენ თავად ახალგაზრდები, რაც მეტად მაღალ ლეგიტიმაციას მისცემს პროცესს. სწორედ ახალგაზრდები ვგრძნობთ ყველაზე კარგად ჩვენი თაობის მაჯისცემას და ჩვენვე შეგვიძლია, ვიყოთ საუკეთესო მაკავშირებელი რგოლი მთავრობასა და საზოგადოებას შორის. 

გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს ღია წერილით მივმართეთ მმართველი პარტიის, „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სადაც შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ვსაუბრობდით დიალოგის საჭიროებასა და აუცილებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღია წერილს მალევე მოჰყვა პრემიერის საჯარო გამოხმაურება, სამწუხაროდ, ინიციატივის განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. ვთვლით, რომ მთავრობის მხრიდან ახალგაზრდული ინიციატივის უგულვებელყოფა ზრდის ხიდჩატეხილობას ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის, რაც დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას. 

მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, გაითვალისწინოს ახალგაზრდებში არსებული განწყობები და მხარი დაუჭიროს რეალურ შედეგებზე ორიენტირებულ სამუშაო ფორმატს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნიკაციას, შესთავაზებს საზოგადოებას პოზიტიურ დღის წესრიგს და განმუხტავს არსებულ მძიმე ფონს" - ნათქვამია განცხადებაში. 


საქართველოს მთავრობა მის დაქვემდებარებაში ახალგაზრდულ პლატფორმას ქმნის. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილის საპასუხოდ განაცხადა. 

„ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით. ჩვენთვის თქვენი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში. 

ცნობისთვის: 31 ივნისს 35–მა სტუდენტმა ღია წერილი გაავრცელა, რომლის ადრესატი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. 

წერილში სტუდენტები მიესალმებიან არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, “არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები,” და საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის მრავალ მონაპოვარს – უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. 

“დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის  მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები. 

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში. 

ბატონო ბიძინა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის”, – წერენ სტუდენტები. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ