ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის დრონი მისმა ჯგუფმა ჩამოაგდო

დავით ქაცარავას თქმით, დრონი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ეკუთვნის, მისმა ჯგუფმა "გაანეიტრალა". 

"დღეს, რუსოსურმა დრონმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში. ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერტორიაზე. ცოტა ხანში რუსოსებმა ატეხეს პანიკა, მალევე გამოცხადდა ჩვენი პოლიცია და წაგვართვა დრონი. საინტერესოა, ეგ რას უნდა მივაწეროთ? ისევ არ ვაღიზიანებთ რუსებს?", - წერს დავით ქააცარავა ფეისბუქზე. 

ის რამდენიმე თვეა, ადამიანთა ჯგუფთან ერთად საოკუპაციო ხაზთან პატრულირებს. მას არ დაუკონკრეტებია, რითი ჩამოაგდო ოკუპირებული რეჟიმის კუთვნილი დრონი. ოფიციალურ თბილისს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს, პირველ სექტემბერს ქართულმა მხარემ მათ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა.

მათი თქმით, საფრენი აპარატი სოფელ წნელისთან ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა და ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა, ამ დროს კი ქართულმა მხარემ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის მხრიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც აპარატი ჩამოვარდა საოკუპაციო ხაზთან.

მათი განცხადების მიხედვით მანამდე ანალოგიური ტიპი ქართული საფრენი აპარატები მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ დაზვერვას საოკუპაციო ხაზთან და სამოქალაქო ობიექტებზე, რომლებსაც დე ფაქტო მთავრობა საკუთარ შემადგენლობაში მოიაზრებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტზე რეაგირების სახით მათ ინფორმაცია ევროკავშირის დამკვირვებლებს მიაწოდეს.

"საჭიროდ მივიჩნევთ განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული მხრიდან და მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებებისათვის არ არის მოწოდებული, არამედ ორიენტირებულია შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა