ბახტაძემ თანამდებიბა დატოვა – როდის წარადგენს "ქართული ოცნება" ახალ პრემიერს

3 სექტემბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე.

გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენასა და შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი.

„არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შს სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. საერთოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა. შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს , რომ 100 % -იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი",- აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის: მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა და მან ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო. მის შემცვლელად არაოფიციალურად შს მინისტრი გიორგი გახარია სახელდება, რომლის გადადგომასაც ორი თვეა "გავრილოვის ღამის" გამო ითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებლად ითვლება.

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ამასთან, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტს დაითხოვს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ