ქართულმა მხარემ ერგნეთში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის მტკიცებულებები მიიტანა

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება.

„ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და შენელდეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. ჩორჩანაშიც დავაფიქსირეთ და აქაც გვინდა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ აღნიშნული საპოლიციო საგუშაგო დაკომპლექტებულია სტანდარტული პირადი შემადგენლობით და მათ აქვთ სტანდარტული ეკიპირება, იგი არ შეიძლება იყოს რაიმე საფრთხის შემცვლელი, პირიქით, მისი ამოცანაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ამასთან მან მედიას ის უპილოტო საფრენი აპარატი წარუდგინა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გუშინ ჩამოვარდა.

„ეს გახლავთ ის დრონი, რომელიც გუშინ ჩამოვარდა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული დრონი შეეჯახა სამოყვარულო დრონს, რის შედეგადაც ორივე მათგანი ჩამოვარდა. მოგეხსენებათ ასევე, რომ იმ წუთში გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები თითქოს აღნიშნული დრონი ჩამოგდებულ იქნა ვითომდა ჩვენი პოლიციის ქვედანაყოფის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, რომელიც გაიხსნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. ეს მტკიცება, რა თქმა უნდა, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ამ ნივთს იმის დასტურად, რომ ცეცხლსასროლი იარაღის სროლის კვალი ამ ნივთს არ აღენიშნება. ეს არის უპილოტო საფრენი აპარატი კვადროკოპტერი. ამ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ამას წარვუდგენთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რათა ბოლო მოეღოს უსაფუძვლო ბრალდების გაჟღერებას, თითქოს ეს კვადროკოპტერი ჩამოგდებულ იქნა ჩვენი საპოლიციო დანაყოფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაცი-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ოსური მხარე კი კვლავ ირწმუნება, რომ დრონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით იქნა ჩამოგდებული და დარჩენილი მასალის გადაცემას ითხოვს ექსპერტიზისთვის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"