რატომ გადადგა ბახტაძე – ძიძიგურის ვერსია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ტემპები დარჩა ისევ ისეთი, როგორიც იყო. მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ ეს თავისი პასუხისმგებლობის თემად ჩათვალა და ამას უკავშირდება მისი გადადგომა.

ამასთან, ძიძიგური მომავალ პრემიერზე საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მხარდამჭერია.

​„როდესაც მამუკა ბახტაძე პრემიერად ავირჩიეთ, მაშინ თავის სამთავრობო პროგრამაში აცხადებდა, რომ უმუშევრობა იყო პრობლემატური საკითხი. ამავე დროს, ბანკებისა და მოსახლეობის საკითხებში მოსახლეობა გამოიყურებოდა ძალიან დაჩაგრულად, ისეთი რეგულაციები იყო. ეს რეგულაციები მამუკა ბახტაძემ შეცვალა, ასევე მან განათლების რეფორმასთან დაკავშირებით წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ სიღარიბის დაძლევის ტემპები დარჩა ისევ ისეთი, როგორიც იყო. ჩვენთვის ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. აქედან გამომდინარე, თავისი პასუხისმგებლობის თემად ჩათვალა ბატონმა მამუკა ბახტაძემ ეს საკითხი და სწორედ ამას უკავშირება მისი გადადგომა.

ეს შეთანხმებული იყო მმართველ პარტიასთან. ვინც ბიძინა ივანიშვილს იცნობს, წარმოუდგენელია ის ულტიმატუმის ენით მოსაუბრე წარმოიდგინოს. მას არ აქვს ასეთი მმართველობა. გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია გამოაცხადებს, მაგრამ მე ვარ გახარიას სრული მხარდამჭერი 20 ივნისის ამბებში და მიმაჩნია, რომ ბატონი გახარია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი და კარგი სახე ჩვენ მინისტრთა კაბინეტში“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

თავად ბახტაძე კი მიიჩნევს, რომ თანამდებობაზე წარდგენისას დასახული მიზნები მიღწეულია და სწორედ ამიტომ გადადგა. 

ცნობისთვის: მამუკა ბახტაძემ დღეს თანამდებობა დატოვა და საზოგადოებას ამის შესახებ სოციალური ქსელის მევეობით აცნობა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ