რა შედეგით დასრულდა ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა

ერგნეთში გამართული ოთხსაათიანი ტექნიკური შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, ქართულმა და ოსურმა მხარეებმა ვერ შეაჯერეს პოზიციები, თუმცა როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მხარეები შეხვედრის რამდენიმე დღეში განახლებაზე შეთანხმდნენ. მისივე თმით, თავად ოსურმა მხარემ გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს დიალოგი:

"ჩვენ არ გვეზარება და მზად ვართ იმდენი შეხვედრა ჩავატაროთ, რამდენიც საჭირო იქნება სიტუაციის დეესკალაციისთვის". 

ამასთან, როგორც ანთაძე აცხადებს, შეხვედრა, მიუხედავად მხარეების აზრთა სხვადასხვაობისა, კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. 

"ეს გახლდათ რამდენიმე დღის წინ ჩორჩანაში გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელება და საუბარი ეხებოდა ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. კიდევ ერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს. ამასთან, იყო აზრთა გაცვლა–გამოცვლა, რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, რათა ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს, რამაც ჩემი აზრით, კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა.  შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რაზეც გაგრძელდება ჩვენი მსჯელობები ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით",– განაცხადა ირაკლი ანთაძემ. 

რაც შეეხება წნელისს, სადაც საგუშაგოს მშენებლობა დააანონსა ოსურმა მხარემ, მისი თქმით, ოსური მხარის წარმომადგენლებმა საერთო კონტექსტში დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რადგან ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე შეინიშნება აბსოლუტურად არაპროპორციული გადაადგილებები.

"ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სტანდარტული საგუშაგო თავისი ეკიპირებით აბსოლუტურად სტანდარტულია და წარმოუდგენელია, იგი რაიმე საფრთხის შემცველი იყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება გადაადგილებებს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებენ, თუმცა პირველწყაროები ამომწურავ ინფორმაციას არ იძლევიან. სიტუაციის დეესკალაციას არაფერი უდგას წინ. ამისთვის საჭიროა კეთილი ნება და სიტუაციის ადეკვატური აღქმა. ნებისმიერი სახის არაპროპორციული მოზრაობა ძაბავს მოსახლეობას".

რაც შეეხება ახალგორის გადასასვლელის დაკეტვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ანთაძის თქმით, მან ეს საკითხი დასვა და დადასტურება ვერ მიიღო.  

ოსურ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა ოსური მხარის წარმომადგენელმა. 

"ოსური მხარე კვლავინდებურად რჩება იმ აზრზე, რომ წნელისში გახსნილი ქართული  საგუშაგო უკანონოა და უნდა გაუქმდეს"- განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური  დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიეოვმა.

როგორც ჯიოევი ამბობს, ოსური მხარე ქართულს სთავაზობს, ბლოკ-საგუშაგო გააუქმოს და წნელისიდან ჩორჩანამდე ტერიტორია უსაფრთხოების ზონად გამოცხადდეს.

«ოსური მხარე დაჟინებით მოითხოვს ქართული უკანონო საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებას, ქართული კი მის განთავსებას საკუთარ პოლიტიკურ პოზიციად თვლის და მის აღებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს. როგორც თავად ამბობენ, ეს საგუშაგო არავის ემუქრება და იქ 12-15 ადამიანი იმორიგევებს. თუმცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, ის უნდა გაუქმდეს.  ვთავაზობთ ქართულ მხარეს, ოსური წნელისიდან ქართულ ჩორჩანამდე უსაფრთხოების ზონა გამოცხადდეს, სადაც არც ოსური, არც ქართული საგუშაგოები იმოქმედებს და დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ რაიონში სახელმწიფო საზღვრის გავლების თაობაზე” - განაცხადა ჯიოევმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს