სოხუმი “ახალი კონფლიქტის საფრთხეზე” ალაპარაკდა

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვართან შექმნილ ვითარებას საგანგებო განცხადებით ეხმიანება და “ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეზე” საუბრობს.

"ვითარება მყისიერად 24 აგვისტოს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც საქართველომ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ზნაურის რაიონის ოსურ სოფელ წნელისის უშუალო სიახლოვეს ბლოკ-საგუშაგო განათავსა და იქ ძალოვანი ქვედანაყოფები შეიყვანა. 1 სექტემბერს, უპილოტო საფრენ აპარატთან ბრძოლის საბაბით ქართველმა ძალოვანებმა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ოსური მხარე პროვოკაციაზე არ რეაგირებდა და საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია. მიუხედავად ამისა, მოსაზღვრე ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად შეიქმნა საშისი პრეცედენტი, რომელსაც სამომავლოდ შეიძლება, ძალზე სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ვითარებაზე სოხუმიდან დაკვირვების შედეგად ვხედავთ, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი კვლავ იქცევა ფრონტის ხაზად და ეს თბილისის უპასუხისმგებლო და აგრესიული პოლიტიკის შედეგია. ცალსახაა, რომ ოსური დასახლებული პუნქტის სიახლოვეს თავად ქართველი ძალოვანებისა და მათი საგუშაგოს წარმოდგენილობა შესაძლოა, ღია შეიარაღებული დაპირისპირებისა და, როგორც შედეგი, ადამიანური მსხვერპლის მიზეზად იქცეს. ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარის მოქმედება შუმჩნეველი არ დარჩება ინციდენტის ადგილზე წარმოდგენილ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ვალდებულია, მსგავს შემთხვევებში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის გამოსარიცხად შესაბამისი ზომები მიიღოს. ვთვლით, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ამ ტერიტორიიდან ქართველი ძალოვანების გაყვანა და საგუშაგოს ლიკვიდაციაა. ეს ყველა მხარეს მოლაპარაკებათა რეჟიმში დაბრუნების, სადავო საკითხების გადაჭრისა და დაძაბულობის მოხსნის შესაძლებლობას მისცემდა” - ნათქვამია აფხაზური ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ამასთან, სოხუმი აღნიშნავს, რომ “ქართული მხარე სისტემატიურად უარყოფს აფხაზურის წინადადებას სასაზღვრო საკითხების, კერძოდ, დელიმიტაცია-დემარკაციის თემების ერთობლივი ცივილიზებული განხილვის თაობაზე, რაც ხელს არ უწყობს ვითარების ნორმალიზებას, სახელმწიფოებს შორის ნდობის განმტკიცებას, პირიქით, ადასტურებს მეზობელი საქართველოს აგრესიულ ზრახვებს”.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები