"ახლა მთავარს, რაც შეიძლება, ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს, ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ველოდოთ"

დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომელზეც მედია ჯერ კიდევ ორი კვირის წინ წერდა, მმართველი გუნდი კი უარყოფდა: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა გიორგი გახარიას კანდიდატურა, რომლის გადადგომასაც სამოქალაქო საზოგადოება ორ თვეზე მეტია, ითხოვს. ივანიშვილმა თქვა, რომ გახარიას კანდიდატურა მმართველ გუნდს თავად წარუდგინა, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საკადრო გადაწყვეტილება მისი მიღებულია. გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოება პროტესტით შეხვდა და როგორც ჩანს, ეს პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, ყოველ შემთხვევაში, ისინი ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. დღეს კიდევ ორი საკადრო ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი: ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრთა კაბინეტში აბრუნებენ და ის თავდაცვის მინისტრად მოგვევლინება, სუს–ის უფროსი ვახტანგ გომელაური კი შს სამინისტროში გადაინაცვლებს. რა გზავნილია ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის, რის მიღწევას ცდილობს მმართველი გუნდი და რა სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამ საკითხებზე „აქცენტი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.   

ზაზა ფირალიშვილი: მე მაინც მგონია, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები, ბიძინა ივანიშვილი არაადეკვატურად აღიქვამს როგორც გახარიას, ისე ღარიბაშვილის და გომელაურის ავტორიტეტს საზოგადოებაში. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, უნდა გათვლილიყო, რომ 20 ივნისის ღამის შემდეგ გახარიას კანდიდატურის ასე თამამად წამოყენება პრემიერ–მინისტრის კანდიდატად ნიშნავს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან, უპირველესად, ახალგაზრდებთან დაპირისპირებას. შესაძლოა, ახალგაზრდების პოზიცია გადაფაროს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობამ, მაგრამ ახალგაზრდების პოზიცია მათ პოზიციად დარჩება და ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს 2020 წლის არჩევნებზე. ამდენად, ეს საკადრო ცვლილება, ვფიქრობ, კარგად მოფიქრებული არ იყო. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მასზე მუდმივად იქმნება ლეგენდები, მაგრამ ჯერ–ჯერობით მას შესაძლებლობები, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოუმჟღავნებია, მისი მუშაობის განსაკუთრებული ეფექტურობა ჩვენ არ გვინახავს. გომელაურის საქმიანობას კი პირადად მე არ ვიცნობ და ვერაფერს გეტყვით.

ბრძანეთ, გახარიას კანდიდატურის წარდგენა ახალგაზრდებთან დაპირისპირებას ნიშნავსო. ჩვენ ვხედავთ პროტესტს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ივანიშვილმა თავად წარადგინა  გახარია, თქვა გუნდსაც მე წარვუგინეო, რითაც მხარდაჭერა დაადასტურა. ეს ხომ არ არის გზავნილი, რომ მას არც აინტერესებს ახალგაზრდების პოზიცია?

მას რომ რეალური წარმოდგენები ჰქონდეს, თუ რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ამ ყველაფრის შედეგად, რა თმა უნდა, თავს შეიკავებდა. უბედურებაც ისაა, რომ მას არ აქვს ადეკვატური წარმოდგენა, რა ხდება ქვეყანაში. როგორც ჩანს, ის არასასიამოვნო მოვლენები, რაც ქვეყანაში ვითარდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ხრიკების შედეგი ჰგონია და არა ის, რომ რეალურად რაღაც მართლა არ არის წესრიგში მის მმართველობაში. ეს არის მთელი უბედურება – ვერ აღიქვამს რეალურ სურათს.

დღეს ინფორმაციის მიღების უამრავი წყარო არსებობს და რა უშლის ხელს?

როდესაც ის შემოვიდა პოლიტიკაში, თითქმის 60 წელს იყო მიღწეული, მყარად ჩამოყალიბებული საქმიანი ჩვევებით, მენეჯმენტით. როგორც ჩანს, ამ ასაკში რთულია, ცხოვრების ყაიდა შეიცვალო, ისწავლო, თავიდან დაიწყო ცხოვრება. პოლიტიკური მენეჯმენტი რომ მკვეთრად და ძირეულად განსხვავდება ბიზნეს–მენეჯმენტისგან, ეს აშკარაა, მას კი მათ შორის ტოლობის ნიშანი ეგონა: ეგონა, ბიზნესის მართვის მეთოდებით შეიძლება პოლიტიკის მართვა. ეს ასე რომ არ არის, გამოჩნდა კიდეც.

ისევ გახარიაზე მინდა, ვიკითხო. საწყის ეტაპზე გახარიასთან მიმართებაში იყო პოზიტიური შეფასებები, ჩანდა, როგორც ფიგურა, მაგრამ შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: იყო პოეტ რატიანის მძიმე "ქეისი", რომელიც იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო; იყო  პანკისის გაუგებარი მოვლენები და თავად გახარიამ შეაფასა ეს შეცდომად; იყო 20–21 ივნისის მოვლენები და აქ უკვე ცალკე ეპიზოდია გავრილოვის ეპიზოდი. შს მინისტრმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ აღიარა, რომ ეს ვიზიტი უსაფრთხოების კონტექსტში არც ყოფილა შეფასებული.  ამ მოვლენების შეფასება თუნდაც თავად ივანიშვილის მხრიდან შეუძლებელი თითქოს არ უნდა ყოფილიყო...

ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ მოვლენებში ბრალეულობა გახარიასია. არ გამოვრიცხავ, რომ მას [გახარიას] ფაქტის წინაშე აყენებდნენ, თუნდაც 20 ივნისის ღამეს. სავსებით არ გამოვრიცხავ, რომ ბრძანება სხვა წყაროდან მოსულიყო და ის ფაქტის წინაშე დააყენეს, მას უბრალოდ კვალი უნდა ამოესუფთავებინა. იგივე გავრილოვის ეპიზოდი, როდესაც ის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასკუპდა. ემ ეპიზოდი უფრო პარლამენტთანაა დაკავშირებული: ქუცნაშვილთან და ა.შ. ეს კავშირი აშკარაა და მათ აღიარეს კიდეც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პარლამენტის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი, „ოცნებელი“ ამ მოვლენის შემდეგ რომ განაცხადებს, „ასეთი რა სიწმინდეა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომ გავრილოვს შიგ ჩაჯდომა არ შეეძლოო“(ქუცნაშვილს ვგულისხმობ), როგორც ჩანს, მას არ ესმის, რას ნიშნავს სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი ღირსება, სახელმწიფოებრივი სიმბოლოები. აქ უკვე გახარია არაფერ შუაშია: ვხედავთ, რომ თავი მოიყარა რამდენიმე აქტიურმა კაცმა, რომლებსაც არ ესმით, სახელმწიფოებრივი ღირსება რას ნიშნავს.

როდესაც ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო დაიდგა, ამ ეპიზოდმა მიიღო მხარდაჭერა, თუმცა დაისვა კითხვები – რატომ ახლა? გაჩნდა ვერსიაც, რომ მომავალ პრემიერ–მინისტრს მთელი რიგი ნეგატივების ფონზე სჭირდებოდა პოზიტივიც, რომ საზოგადოების წინაშე წარმსდგარიყო ერთგვარი გმირის მანტიით. როგორ ფიქრობთ, ამ ვერსიას არსებობის საფუძველი აქვს?

ბუნებრივია, არსებობის უფლება აქვს, თუმცა მის ნამდვილობაზე დაბეჯითებით ვერ ვისაუბრებთ. ამისთვის ფაქტობრივ ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ. თუმცა გარედან ეს ვერსია სიმართლეს ჰგავს. მით უფრო, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, პიარულად როგორ ამზადებს „ქართული ოცნება“ ამა თუ იმ მოვლენას. გავიხსენოთ, მთელი ორი წლის განმავლობაში როგორ ამზადებდნენ მარიხუანის ექსპორტისა და კულტივაციის თემას; როგორ მზადდებოდა „ოცნებაში“ მყოფი რამდენიმე ადამიანის მიერ გავრილოვის ჩასკუპება სავარძელში, ამას წინ უძღოდა პრაიდისტებისა და ანტიპრაიდისტების დაპირისპირების ბატალიები, თითქოს საზოგადოებრივი აზრი უნდა მომზადებულიყო იმისთვის, რომ გავრილოვის პარლამენტში გამოჩენას შვებით შეხვედროდა. მე ძალიან მაინტერესებს, ვინ და როგორ ამზადებდა გავრილოვის სავარძელში ჩასკუპებას. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ამას გარკვეული წინამძღვრები ჰქონდა, გნებავთ, პიარული.

ეს ალბათ არ იქნებოდა მხოლოდ ორი დეპუტატის, მათ შორის ქუცნაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი...

ალბათ არა. ალბათ იქ სხვებიც იყვნენ ჩართულები, რომლებიც არ ჩანან.

ამ კუთხით თქვენ გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის ხსნით? ის იყო უსაფრხოების საბჭოს თავმჯდომარე...

ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, უნდა გაეთვალა, მაგრამ შესაძლოა, გახარიამდე არ მისულიყო ინფორმაცია. პარლამენტი გახარიას, როგორც უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეს არ ექვემდებარება, არც როგორც მინისტრს. პარლამენტი არც იყო ვალდებული, დღის წესრიგის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა ის.

მაგრამ მას ეხებოდა, საზღვარი, ვინ კვეთავს მას, შეეძლო ინფორმაციის მოძიებაც და ა.შ.

მეტი მონდომება სჭირდებოდა, მაგრამ ძალიან შორს წავედით. რამდენად შეძლებდა ის, წინ აღდგომოდა ამ პროცესს, თუ ვინმე დაინტერესებული იყო, რომ ეს მომხდარიყო? მე არ „ვათეთრებ“ ამ კაცს, შესაძლოა, უარესსაც ვამბობ – ბოროტმოქმედი კი არა, უუნაროა–მეთქი, ასეთი რაღაც გამომდის.

და ბოლოს, თქვენ რას ელით ამ სამთავრობო ცვლილებებიდან?

არსებითად არაფერს. როგორც ჩანს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, თავის საკადრო პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები შეეტანა: განაგრძობს იმის კეთებას, რასაც აკეთებდა და ამის შედეგები გვაქვს კიდეც. ვფიქრობ, იგივე შედეგები განმეორდება. ახალი არაფერი იქნება. მთავარი, რაც შეიძლება, ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს, ეს შეიძლება, მოხდეს ოპოზიციურ ფლანგზე – თუ გამოჩნდება სერიოზული ცენტრი, რომლეიც შეძლებს საპროტესტო განწყობების მობილიზებას; ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანას, რომელშიც ქვეყანა განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში შევიდა.

და ამ ცენტრად, ყოველ შემთხვევაში, როგორც ახლა ჰორიზონტზე ჩანს, განიხილავთ ხაზარაძეს?

სამწუხაროდ, გადაჭრით ვერავისზე ვიტყვი. ხაზარაძე ცოტა უფრო იმედისმომცემია, ვიდრე სხვები.

როგორც ახალი კადრი?

დიახ. ცუდი პოლიტიკური გამოცდილება მასთან ნაკლებად არის დაკავშირებული.

და როგორ ფიქრობთ, ის ანტიპიარი, რაც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ, ამ პროცესს არ დააზარალებს?

რა თქმა უნდა, დააზარალებს. მას დიდი შრომა სჭირდება ახლა საინფორმაციო სივრცეში, რომ დამკვიდრდეს და სხვებმა კი არა, თავად შექმნას საკუთარი საინფორმაციო პორტრეტი. ამისთვის დიდი შრომა დასჭირდება. ძალიან რთული ამოცანაა: დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ  ხაზარაძის წინააღმდეგ ამოქმედდება არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ტრადიციულად ოპოზიციური ძალებიც. მათ პოლიტიკურ ველში დიდი მოთამაშის შემოვარდნა არ აწყობთ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: თითქმის 50% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება