ტრამპმა საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა.


კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი და ამჟამად მსახურობს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად. მანამდე ის იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

25 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი. კელი დეგნანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.

ის ფილოსოფიის დოქტორია და აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ელჩად დანიშნულ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ