ცხინვალისკენ ე.წ. "საზღვრის" უკვე თითქმის მეშვიდედია ბორდერიზებული, სოხუმისკენ - მესამედი

ოკუპანტებს ცხინვალის მიმართულებით დე ფაქტო საზღვრის თითქმის მეშვიდედი აქვთ  ბორდერიზებული, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით - დაახლოებით მესამედი. ამაზე მეტყველებს "აქცენტის" მიერ სუს-იდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც 2011 წელს დაიწყო ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას, მიწათხრილების, ტრანშეების და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას გულისხმობს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამში 53 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეები დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ არის გავლებული. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 145 კმ-ია, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ღობეების, მავთულხლართების, ტრანშეებისა და მიწათხრილების საერთო სიგრძე 48 კმ-ზე მეტია. ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგას, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება",- აცნობეს "აქცენტს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ "რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაცია მხოლოდ უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესით არ გამოიხატება და მან მნიშვნელოვანი ნეგატიური ასახვა ჰპოვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ყველა სოფელსა და იქ მცხოვრებ ადგილობრივზე".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა