ვისთან შეთანხმდა სკანდალური შეწყალება – პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის კომენტარები

საქარველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მედიის კითხვებს, მათ შორის მის მიერ განხორციელებულ სკანდალურ შეწყალების აქტზე, რომელიც 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელს შეეხო, არ პასუხობს. საზოგადოებას აინტერესებს, რა მოტივებით და არგუმენტებით ხელმძღვანელობდა ქვეყნის პრეზიდენტი ამ ჰუმანური აქტის გამოყენებისას და რა გზავნილია ეს ჟესტი საზოგადოებისთვის, მიღწეულია თუ არა რევაზ დევაძის შემთხვევაში სასჯელის მიზნები, საშიშია თუ არა ის საზოგადოებისთვის, რა პასუხი აქვს ზურაბიშვილს მოკლული ახალგაზრდა პოლიციელის ოჯახისთვის?  მართალია, შეწყალება, პრეზიდენტის უფლებაა, თუმცა ეს მას მორალური პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.   


მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც მხარს უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურას, აქტიურობდნენ მის საარჩევნო კამპანიაში და განსაკუთრებით კრიტიკულად აფასებდნენ წინამორბედი პრეზიდენტების გადაწყვეტილებებს შეწყალებებთან დაკავშირებით, მათ შორის გიორგი მარგველაშვილის და მეტიც, დანაშაულებრივს უწოდებდნენ, მხოლოდ ზოგადი შეფასებებით კმაყოფილდებიან და უშუალოდ პრეზიდენტის ქმედების პოლიტიკურ შეფასებას თავს არიდებენ. 

3 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მისთვის ზოგადად პოლიციელის მკვლელის შეწყალება მიუღებელია.


"პირდაპირ გეტყვით - მე პირადად ვარ კატეგორიული წინააღმდეგი იმ ადამიანების შეწყალების, რომლებმაც ხელი აღმართეს პოლიციელებზე, ბრალი აქვთ წარდგენილი პოლიციელის მკვლელობაში ან ძალადობაში. პოლიციელი არის ურთულესი პროფესია, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს ადეკვატური ანაზღაურება, რომელიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად შენი ქვეყნის და საზოგადოების სამსახურს გულისხმობს, მაგრამ თქვენ ვერ უარყოფთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ შექმნა ისეთი მოწყობის სახელმწიფო, ისეთი დემოკრატია, სადაც ოპოზიციას, სადაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს შეუძლია განსხვავებული პოზიციები იქონიოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის პოლიციელის მკვლელის შეწყალება. მეორე ნაწილი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით ისეთი დემმოკრატია, სადაც უმრავლესობას, ოპოზიციას, ჟურნალისტებს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ თავისი კრიტიკული მოსაზრება პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერმინისტრის თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიმართ”,–  განაცხადა თალაკვაძემ.    

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სია იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა და ზოგადად, უკეთესი იქნება, მსგავსი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების შეწყალება არ ხდებოდეს: 


"როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის და ისეთი ადამიანის მკვლელობა, რომელიც არის სახელმწიფოს სახე, რომელზეც დგას სახელმწიფო, უკეთესი იქნება, ასეთი ადამიანის მკვლელობისთვის ციხეში მყოფი ადამიანის შეწყალება არ მოხდესხოლმე. მე ამას ვისურვებდი. ყოველ შემთხვევაში, მარიამობის შეწყალების კანდიდატები  შემიძლია, ღიად ვთქვა, რომ პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა". 

განსაკუტრებით რბილი აღმოჩნდა საკუთარ შეფასებაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.  


„როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია, საზოგადოებას უჩნდება კითხვები, რადგან საქმე გვაქვს პოლიციელის მკვლელობასთან, იმ პოლიციელის, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სახელს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ამ კითხვებზე პასუხს გასცემდა და თავად მოჰფენდა ნათელს, თუ რა არგუმენტების გათვალისწინებით მიიღო მან ეს გადაწყვეტილება.

ბუნებრივია, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, ჩვენ ამას წინა პრეზიდენტის შემთხვევაშიც ასე ვამბობდით. კარგი იქნება, თუ ის თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას არგუმენტებს გააცნობს“, - აცხადებს სოფო კილაძე.

ცნობისთვის: 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა კიდევ 33 პატიმართან ერთად.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

თარაშ მუკბანიანი 2014 წლის დეკემბერში მოკლეს ბათუმის ღამის კლუბ „ლეგასში.“ კლუბში მყოფი პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა, მისივე სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა.

რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში დააკავეს, როცა სარფის საბაჟო პუნქტის გავლით საქართველოდან თურქეთში წასვლას აპირებდა.


როგორც ირკვევა, რამაზ დევაძეს სამართალდამცავებთან კონფლიქტი ადრეც ჰქონდა. თარაშ მუკბანიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს სხვა პირებთან ერთად პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანი თურქეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს