რა ბედი ელის ლარს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის დრამატული გაუფასურების ხელშემწყობ ძირითად მიზეზად შექმნილ მოლოდინებს ასახელებს. რაც სეეხება მომავალს, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. 

“თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საგარეო შოკი საქართველოსთვის გამოიხატა ავიასანქციების და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, რამაც კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა.

კიდევ ერთხელ რომ გავიაროთ, რადგანაც ბევრი ინფორმაცია იყო, რომ თუ ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, მაშინ რა ხდება?!

როდესაც მოხდა ამ ინფორმაციის გავრცელება, ისინი, ვისაც უცხოური ვალუტა ჰქონდათ გასაყიდი, თავს იკავებდნენ გაყიდვისგან უფრო მაღალი კურსის მოლოდინით. ხოლო უცხოური ვალუტის მყიდველები, მომავალში კურსის გაუფასურების შიშით უფრო აქტიურად იწყებდნენ შესყიდვებს, რამაც შექმნა მოლოდინი, რომ კურსი გაუფასურდებოდა.

ანუ თავიდანვე, მიუხედავად იმისა, რა შედეგი იქნებოდა ივლისში ან თუნდაც აგვისტოში, ეს მოლოდინების არხი ამოქმედდა. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ მცურავი გაცვლითი კურსი არის ზუსტად ის გაცვლითი კურსი, რომელიც ასეთ შოკებზე აკეთებს რეაგირებას და შოკებს შთანთქავს. და როგორ აკეთებს ამას?

ჩვენ ვხედავთ, რომ კურსის გაუფასურების პარალელურად მცირდება მოთხოვნა იმპორტზე, რის შედეგადაც სავაჭრო ბალანსი იმაზე უფრო მეტად უმჯობესდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. ასე, რომ გარკვეულწილად ეს აბალანსებს იმ დანაკლისს ტურიზმის შემოსავლებში, რომელიც ექნება ქვეყანას.

რადგანაც სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლით კურსის მომავალ დინამიკაზე”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღეს 1 აშშ დოლარი ოფიციალურად 2.9683 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო – 3.2464. ახალი მონაცემები 17:00 გამოქვეყნდება. 

ლარმა გაუფასურება გაზაფხულიდან დაიწყო და პროცესი მცირეხნიანი გამყარებებით ამ დრომდე გრძელდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დავით ქაცარავა: „საოკუპაციო ხაზიდან მოხსნეს პოლიცია“