კალაძე პრეზიდენტისგან განმარტებებს ელის

თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალებას ძალიან მძიმე ფაქტად აფასებს.

„ფაქტი რაც მოვისმინეთ, არის ძალიან მძიმე. საქმეს მე შინაარსობრივად არ ვიცნობ და ვერც მეცოდინება. თვითონ გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე. ამაზე ალბათ, თვითონ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ახსნა-განმარტება და იმ ჯგუფმა, კომისიამ, ვინც მუშაობდა ამ შეწყალებასთან დაკავშირებით თუ რასთან გვაქვს საქმე",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა კიდევ 33 პატიმართან ერთად.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

თარაშ მუკბანიანი 2014 წლის დეკემბერში მოკლეს ბათუმის ღამის კლუბ „ლეგასში.“ კლუბში მყოფი პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა, მისივე სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა.

რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში დააკავეს, როცა სარფის საბაჟო პუნქტის გავლით საქართველოდან თურქეთში წასვლას აპირებდა.


როგორც ირკვევა, რამაზ დევაძეს სამართალდამცავებთან კონფლიქტი ადრეც ჰქონდა. თარაშ მუკბანიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს სხვა პირებთან ერთად პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. 

იხილეთ ასევე ვისთან შეთანხმდა სკანდალური შეწყალება – პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის კომენტარები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა