იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიას კენჭი უყარა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიას პირველ ეტაპზე კენჭი უკვე უყარა. ფარული კენჭისყრის შედეგად, 50-დან საუკეთესო შედეგი მიიღო 20-მა კანდიდატმა.

ფარული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის საბჭოსგან ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორმა კანდიდატმა: გიორგი მიქაუტაძემ და მაია ვაჩაძემ. ორივე მათგანმა საბჭოს 12 წევრიდან 11-11 ხმა მიიღო.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათი სია მიღებული ხმების მიხედვით ასეთია: მერაბ გაბინაშვილი მერაბ, შოთა გეწაძეა, ნუგზარ სხირტლაძე- 10 -10 ხმა.

თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ქეთევან ცინცაძე - 9-9 ხმა.

მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, გოჩა ჯეირანაშვილი, - 8 - 8 ხმა.

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ალექსანდრე წულაძე -7 -7 ხმა.

კანონის მიხედვით, ამის შემდეგ საბჭომ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს, სადაც საბჭოს წევრები ფარულად შერჩეულ 20 კანდიდატს უკვე სათითაოდ უყრიან კენჭს, სწორედ იმის გასარკვევად - უნდა წარედგინოს, თუ არა კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს განსახილველად.


კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება მაშინ, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

კენჭისყრა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. როგორც დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს სასამართლო სისტემაში „კლანური“ მმართველობაა. 

"დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ირჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს, რომელთაც 2040-2045 წლამდე მართლმსაჯულების ბედი უნდა წარმართონ. სინამდვილეში იმისათვის, რომ მოსამართლე გახდე, „კლანს“ ერთგულება უნდა შეჰფიცო,– აღნიშნა მან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50-კაციანი სიიდან 20 ღირსეული კანდიდატის არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუჭირდება.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 50 კანდიდატიდან რთულია შეიჩეს ის 20 კანდიდატი, რომელიც იმსახურებს, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ამასთან, მისი თქმით, 20- კაციან სიაში სავარაუდოდ, მოხვდებიან ის კანდიდატები, რომლებმაც შეფასებისას მაღალი ქულები დააგროვეს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ამ სიაში მოხვდეს იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი კახა სოფრომაძე. მისი თქმით, ამ კანდიდატთან საბჭოს წევრები „ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ".

ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრების დროს კანდიდატების მიმართ საბჭოს წევრების დამოკიდებულება ემთხვევა შეფასებისას მიღებულ ქულებს. მისივე თქმით, ისინი, ვის მიმართაც საბჭო კეთილგაწყობილი იყო, ეს განწყობა კანდიდატებისთვის მინიჭებულ ქულებშიც აისახა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ