ბედინეიშვილი:"გაიზრდება პროცენტი ყველა სესხზე ლარში"

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების, გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, შედეგი იქნება ის, რომ ლარში დენომინირებულ ყველა სესხზე, ასევე განვადებულ პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. 


"ლარში დენომინირებული ყველა სესხის ინსტრუმენტის ფასი გაიზრდება. სესხები გაიზრდება, ბანკების მიერ გაცემული სესხები გაიზრდება, განვადებულ პროდუქტებზე პროცენტები გაიზრდება. ყველაფერზე, რაც არის ლარში დენომინირებული, საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება",– განუცხადა "ტაბულას" ფინანსისტმა. 

მისივე თქმით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას მოყვება ეკონომიკური ზრდის შეფერხებაც:

"იცის ეროვნულმა ბანკმა, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად მოქმედებს. მაგრამ აქ ორ უარეს სცენარს შორის, გადაწყვიტეს, რომ ემოქმედათ ინფლაციის საწინააღმდეგოდ და დაბალი პრიორიტეტი მიანიჭეს ეკონომიკის შეფერხებას."

ამასთან, ბედინეიშვილი ამბობს, რომ თავად ლარის კურსზე რეფინანსირების განაკვეთის მატება პოზიტიურ გავლენას იქონიებს, თუმცა მხოლოდ მოკლე ვადაში:

"ლარის კურსთან მიმართებით ასეთ ნაბიჯს აქვს გამყარების ეფექტი. იმიტომ, რომ ლარზე მოკლე ვადაში მოთხოვნას ზრდის. მოთხოვნა როცა იზრდება ლარზე, მოკლე ვადაში ეს კურსზე დადებითად მოქმედებს. თუმცა ვიცით, რომ ეს გასტანს ცოტა ხანი. როგორც აგვისტოს დასაწყისში რეზერვების გაყიდვის შემთხვევაში მოხდა, ამას არ ექნება გრძელვადიანი ეფექტი".

ცნობისთვის: 2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა. რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება