სოფიამ რუსეთის საელჩოს მიერ ბულგარეთში მომზადებული გამოფენა დაგმო

სოფიამ დაგმო რუსეთის საელჩოს მიერ ბულგარეთში მომზადებული გამოფენა, რომელიც ნაციზმისგან აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლების 75-ე წლისთავს ეძღვნება, და მოუწოდა რუსეთის დიპლომატიურ მისიას, „ნუ ავრცელებენ ისტორიული თვალსაზრისით ორაზროვან მოსაზრებას,“ რომ ბულგარეთში საბჭოთა ჯარების შესვლა „განთავისუფლება“ იყო.

რუსეთის ისტორიული საზოგადოების მიერ ბულგარეთში მომზადებული გამოფენის გახსნა 9 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ამ დღეს 1944 წელს საბჭოთა ჯარები ბულგარეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. 1989 წლამდე ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად ითვლებოდა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად ევროპაში ნაციზმის დამარცხებაში სსრკ-ის წვლილისა, „თვალები არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რომ საბჭოთა არმიის ხიშტებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს მოუტანა ნახევარსაუკუნოვანი რეპრესიები, სამოქალაქო ცნობიერების დათრგუნვა, ჩიხური ეკონომიკური განვითარება და მოწყვეტილობა ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში განვითარებული პროცესების დინამიკისგან.“

ბულგარეთის საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ რუსეთს მოუწოდა, ნუ დაიკავებს პოზიციას „განთავისუფლების“ საეჭვო კონცეფციის სასარგებლოდ, რომელიც ბულგარეთში მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აძლევს ხელს და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას წარმოადგენს.

ბულგარეთში რუსეთის საელჩომ ფეისბუკში საკუთარ გვერდზე განათავსა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე პასუხი: „ნაციზმისგან აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ბულგარეთის საზოგადოებრიობას გააცნოს მასალები რუსეთის არქივებიდან. დოკუმენტებიდან ბევრი მათგანი მანამდე უცნობი იყო ან ახლახან გასაჯაროვდა და ისინი მეტყველებს წითელი არმიის გადამწყვეტ როლზე ფაშისტური ჭირისგან კაცობრიობის გათავისუფლების საქმეში... ჩვენ ერთგვარად განცვიფრებული ვართ იმით, რომ შეიძლება რაღაც ოფიციალური განცხადებების კეთება თავად ექსპოზიციის გაცნობამდე“.

მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ბულგარეთს მთლიანობაში მეგობრული ურთიერთობები აქვს მოსკოვთან. რუსეთი ბულგარეთის მთავარი მომმარაგებელია ენერგიით. ყოფილი კომუნისტური პარტიის - ბულგარეთში სიდიდით მეორე პოლიტიკური ფრაქციის - მომხრეები ყოველ წელს აღნიშნავენ 9 სექტემბერს და ყვავილებით ამკობენ საბჭოთა არმიის მემორიალს სოფიის ცენტრში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა