ზვიად რატიანი: "გახარია ძალიან საშიში კაცია!"

პოეტ ზვიად რატიანის შეფასებით, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია საშიშია სახელმწიფოსთვის, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის შეუცვლელი კადრია. 

როგორც რატიანი განმარტავს, გახარია რეინკარნირებული ჩეკისტია და სასაცილო იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოს ინტერესები.  

"წილად მერგო საეჭვო პატივი, ვყოფილიყავი პირველი, ვინც საკუთარ თაზე გამოსცადა გახარიას საზიზღრობები. ამაზე საუბარს არ ვაპირებ. მერე გაზარდა მასშტაბები და უამრავი ადამიანი გაამწარა, ქალბატონ ია კერზაიას საქმე იქნება, 20 ივნისს დაზარალებულები, პანკისში შევარდნა და იქ ჩატარებული ოპერაცია... მე ბევრჯერ ვყოფილვარ პანკისში, ერთ–ერთი ყველაზე კარგი საქართველოა: იშვიათად მოისმენ ასეთ ქართულს, იშვიათად ნახავ ჩვენი ქვეყნის ასეთ პატრიოტ ადამიანებს. არც ერთმა მთავრობამ არ დაიზარა, თავზე გადაუარა ამ ხალხს და მაინც იტანენ. კიდევ ბეწვის ხიდზე გაგვატარა გახარიამ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ. გახარია ძალიან საშიში კაცია – რეინკარნირებული ჩეკისტია. მართლა ძალიან სასცილო იქნებოდა, რომ არ ჰქონდეს ამხელა ძალაუფლება და ასეთი საშიში რომ არ იყოს სახელმწიფოსთვის, თორემ ივანიშვილისთვის, გულწრფელად რომ ვთქვა, შეუცვლელი და ოქროს კადრია: კაცი ამდენს ჯახირობს, ამდენ ფულს ხარჯავს, რომ ადამიანები სრულიად გარყვნას, დააკარგვინოს ღირსება, დაიმონოს, თუთიყუშებად აქციოს, გახარია, კი ჩამოვიდა მზა პროდუქტი, გარყვნილი, ყველაფერზე წამსვლელი, საბჭოიდი, რუსეთში გამოწვრთნილი გარეწარი. ალბათ ამიტომაც ვერ ელევა და ვერც შეელევა...გახარია, წადი! და წახვალ კიდეც, მაგრამ არ წავა ციხეში, გაიქცევა რუსეთში და დატოვებს ამდენ გაუბედურებულ, გამწარებულ ადამიანს. ჩემისთანა სუსტები არ იქნებიან ყველანი, რომ დავკარი ფეხი და გამოვიქეცი – მქონდა ამის საშუალება. თუმცა მთელი ცხოვრება მქონდა ამის საშუალება და არსად არ მინდოდა წასვლა, სხვა გზა არ დამიტოვეს",– განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ზვიად რატიანმა.  

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა "საახალწლო დღეების" გამო არ შეუფარდეს.

ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

2018 წლის მარტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ზვიად რატიანი თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას. მან 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა.

რატიანის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
NDI–ის კვლევა: გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია