დე ფაქტო ხელისუფლება იუწყება, რომ ჩორჩანასთან "სამხრეთ ოსეთის დროშა" აღმართეს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა წნელისის რაიონში, რომელსაც ოსური მხარე უისტას უწოდებს, 944 მეტრის სიმაღლე დაიკავა, სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა და ამ ქმედებას "ქართული მხარის პროვოკაციის საპასუხოდ მიღებულ გამაფრთხილებელ ზომა, მშვიდობიანი, ჰუმანიტარული ოპერაცია", უწოდა, რომლის მიზანიც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოქალაქეთა უსაფრთხოების და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაა".

„ქართული მხრიდან პროვოკაციების შესახებ გასაფრთხილებლად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სასაზღვრო რაიონში, კერძოდ, დასახლებულ პუნქტ წნელისთან მდებარე მაღლობზე მესაზღვრეებმა აღადგინეს სახელმწიფო საზღვრის აბრა და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, რომლებიც ალანიის სახელმწიფოს საზღვრებს რუსებთან ერთად იცავენ, იძლევიან სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისში ჰუმანიტარული ოპერაცია „პრეზიდენტის,“ ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით ტარდება და „სამხრეთ ოსეთელი მესაზღვრეების“ მოქმედება საფრთხეს არ უქმნის მოსაზღვრე დასახლებული პუნქტების, ჩორჩანის და კობის მცხოვრებთ.

აგვისტოს ბოლოს, საოკუპაციო ხაზთან ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია. დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა.

სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ეუთოს და ევროკავშირის შუამავლობით ჩატარდა ორი ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ წნელისთან საგუშაგოს თავადაც გახსნის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"