ღარიბაშვილმა მისი სამი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოსმენისას იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში მისი საქმიანობის პრიორიტეტი იქნება. მან სამი მიმართულება გამოჰყო:

  • სავალდებულო სამხედრო სამსახური
  • ჯარისკაცების ყოფა
  • სამხედრო მრეწველობა

სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა "გირჩის" ინიციატივაზე, რომელიც ახალგაზრდებს მათთვის არასასურველი სამსახურისგან თავის დაწევის შესალებლობას სთავაზობს და ამ დრომდე საკმაოდ წარმატებითაც სარგებლობს. ღარიბაშვილმა ამ ინიციატივას ძირგამომთხრელი უწოდა, თავად "გირჩი" კი ენმ–სთან დააკავშირა. 

"ის, რაც ბოლო წლებში განვითარდა, ჩვენი ერის ტრაგედიაა. ვგულისხმობ "ნაცმოძრაობასთან" აფილირებული "გირჩის" წევრების ინიციარტივას, რომლის ფარგლებშიც ხდება ჩვენი მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაცია. პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს. ეს სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობაა. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. ეს იქნება ჩემი მინისტრობის ერთ–ერთი პირველი საზრუნავი, ამოცანა, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში იქნას ეს საკითხი დარეგულირებული. სავალდებულო სამხედრო სამსახური იმ ფორმით უნდა დავაორგანიზოთ, როგორც მთელს ცივილიზებულ სამყაროშია აპრობირებული. აქტიურად გავითვალისწინებთ დასავლეთის – ბალტიის ქვეყნების გამოცდილებას. ამ დღეებში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც უნიკალურია. შვეიცარია, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, ერთ–ერთი ყველაზე ორგანიზებული ჯარი ჰყავს. ერთ–ერთი პირველი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება.

მეორე ჩემი საზრუნავი ჩვენი ჯარისკაცების ყოფა იქნება. მე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ წესრიგზე, დისციპლინზე, მათ კვებაზე, აღჭურვულობაზე, შეიარაღებაზე, საცხოვრებელი, სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ, იქნება ეს ღირსეული ჯანდაცვის პაკეტი, ხელფასების ზრდა. ვიზრუნებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებზე. შევიტანთ მეტ სწავლებას, მეტ სპორტს ჯარში.

მესამე, რაც მინდა გამოვყო, გნებავთ, ოცნება დავარქვათ, არის ქვეყანაში სამხედრო მრეწველობის განვითარება. გვაქვს უდიდესი გამოწვევა – ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ეს პირველი კატეგორიის გამოწვევაა და ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. არ ვგულისხმობ, რომ ჯარი ვინმეს წინააღმდეგ იყოს მიმართული, მაგრამ სამხედრო მრეწველობის განვითარება ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოვიძიე ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრო, შესაძლოა შსს და სხვებიც, ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ ლარს შესაძლოა, ხარჯავდნენ თუნდაც ტყვია–წამლის შეძენაში. ჩემი მინისტრობის და პრემიერობის დროს ტყვიის საწარმოს მშენებლობის პროექტი მქონდა. ვფიქრობ, ეს დღესვე უნდა გავაკეთოთ და რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა. ვფიქრობ, ამას შევძლებთ",– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა მყარია