"ქართული ოცნება" ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს: "ნაციონალების" შტაბიდან მოგვაწოდეს"

"ქართული ოცნება" ფარულ აუდიო–ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც მათი თქმით, ენმ–ის წევრებმა მიაწოდეს. განსცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. 

"საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა.

გუშინაც და ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, მიუხედავად ამომრჩეველთა პოლარიზებისა, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია.

სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი - მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. ბუნებრივია, ეს აუდიოჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება.

თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ - ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ უნდა „აადუღონ ზუგდიდი“, „აადუღონ აჭარა“ შემდგომ კი მთელი საქართველო",- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და კანონდარღვევა უპასუხოდ არ დარჩება. 


გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთ ლიდერ თინა ბოკუჩავა ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვს.   

"ერთ–ერთ მათგანს ვიცნობ, მაგრამ მათ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან შემხებლობა არ აქვს. მე შტაბის წევრი ვარ, ვესწრები ყველა სხდომას. მოვუწოდებთ, გამოიძიონ და დაადგინონ ჩანაწერის ავთენტურობა, ჩვენ ხელს არავის ვაფარებთ. მაგრამ, როდესაც გახარია, მდინარაძე და თალაკვაძე გვესაუბრებიან პროვოკაციაზე, ეს ცინიკურია, რადგან სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ძალადობის ფონზე".  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp