“დაზარალებულები”, “მოწმეები” და “მტკიცებულებები” მეარაყიშვილის წინააღმდეგ

ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ ახალგორში ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გასვლითი სხდომა გამართა. სასამართლოს ამასწინანდელი გამამართლებელი განაჩენი მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს – სწორედ მათ, ვინც ორი წლის წინ “ცილისწამებისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის უკანონოდ მოპოვების” ბრალდებებით მეარაყიშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის ინიცირება მოახდინა. სხდომას ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ინალ ტასოევიც.

გასვლითი სხდომის მიზანი იყო, დაეკითხათ ის 30-მდე მოწმე, რომელმაც ორი წლის წინ აქტივისტის წინააღმდეგ ჩვენებები მისცა. 

თავად მეარაყიშვილი პროცესზე სრულიად მარტო მივიდა, გამოწყობილი «Эха Кавказа»-ს - იმ რადიოსადგურის ლოგოტიპიან მაისურში, რომლის მასალები იწვევს დე ფაქტო ხელისუფლებისა და მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” წარმომადგენლების გაღიზიანებას. ორი წლის წინ თამარის მიერ სწორედ “Эхо”-სთვის მიცემული ინტერვიუ იქცა საფუძვლად მის მიმართ ცილისწამების ბრალდების წაყენების, მიუხედავად იმისა, რომ მასალა არც ერთ კონკრეტულ გვარს და სახელს არ შეიცავდა.

სასამართლო სხდომაზე 4 “დაზარალებულიდან” 3 გამოცხადდა: მაია ქისიევა, სპარტაკ დრიაევი და ელზა ჯეირანოვა. დაცვის პოზიცია მთელი ამ წლების განმავლობაში უცვლელი იყო: სადავო მასალაში ამ პირთაგან არც ერთი არაა ნახსენები.

მთავარმა «დაზარალებულმა», სპარტაკ დრიაევმა ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე “გამოიჩინა თავი” «Эха Кавказа»-ს ჟურნალისტისადმი თავხედობით: «ეს აქ საერთოდ ვინ შემოუშვაო?».

პროცესზე გამოკითხული 15 მოწმე პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება, დავყოთ: «არაფერი ვიცი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს» и «მეარაყიშვილი დასახვრეტია ხელისუფლებისა და რესპუბლიკის ლაფში ამოთხვრის გამო». თუმცა იყო მესამე კატეგორიაც: ადამიანები,  რომლებმაც ორი წლის წინ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს, ახლა კი მათზე ფაქტობრივად უარი თქვეს:

პროკურორი ალინა ჩოჩიევა:  დაგვიზუსტეთ, თუ შეიძლება, იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც თამილამ…. მას ჰქონდა პოსტი «Эха Кавказа»-ს საიტზე. ალბათ, იცით. რისი თქმა შეგიძლიათ ამ ფაქტთან დაკავშირებით?

მოწმე ზალინა ჩერტკოევა: 2015 წელს სკოლის დირექტორად დამნიშნეს და ამასთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნეს «Эхом Кавказа»-ს წარმომადგენლებმა არასასიამოვნო სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ მიცნობენ. ამიტომაც ამ გაზეთს (!) პრაქტიკულად არ ვკითხულობ.

პროკურორი: ანუ, სადღეისოდ იცნობთ იმ სტატიას, რომლის  შესახებაც არის საუბარი?

ჩერტკოევა: არა, რადგან არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ათასი სისულელე ვიკითხო, მაპატიეთ.

პროკურორი: მაგრამ თუ არ წაგიკითხავთ, რა იცით, რომ სისულელეა?

ჩერტკოევა: წინა სტატიების შემდეგ ამ სტატიებს ყურადღებას აღარ ვაქცევ.

პროკუკრორი: უშუალოდ სტატია წაკითხული გაქვთ?

ჩერტკოევა: რა სტატიაზეა საუბარი, ისიც კი არ ვიცი.

პროკურორი: მსურს, ჩავიკითხო სარეზოლუციო ნაწილი, მისი ჩვენებები (ორი წლის წინანდელი): «Эха Кавказа»-ს ინტერნეტ-საიტზე ჟურნალისტი, რომელსაც თამილამ ინტერვიუ მისცა, ლაფს ესროდა პარტია “ერთიანი ოსეთის” წარმომადგენლებს. მას ეჭვი შეაქვს ამ პუბლიკაციის სარწმუნოებაში, რადგან მეარაყიშვილს არაერთგზის აქვს გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციები».

საინტერესო იყო ასევე პროკურორის საუბარი პარტია “ერთიანი ოსეთის” წარმომადგენელთან, საფოსტო განყოფილების ხელმძღვანელ ალექანდრე ჩერტკოევთან:

ჩერტკოევი: რამდენიმე სტატია მაქვს წაკითხული და ძალზე სამწუხაროა, რომ პარტიის ღირსება შეიბღალა.

პროკურორი: და კონკრეტულად რა იყო ამ სტატიებში?

ჩერტკოევი: სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რა ეწერა ამ სტატიებში, მახსოვს ერთი მომენტი, თითქოსდა “ერთიანი ოსეთის” წევრები, აქტივისტები შევარდნენ საავადმყოფოში და მოითხოვდნენ რაღაც პრეპარატებს. ამან აღმაშფოთა. რა, ნარკომანები გვყავს, თუ რა?! არ მომწონს, რომ თამილა «Эхе Кавказа»-ზე არასწორ ფაქტებს აქვეყნებს. თუმცა ხანდახან მის სტატიებში სიმართლესაც ვხვდებით, სადღაც 20%-ს… ამ სტატიებში ჩვენს რესპუბლიკას ლაფში სვრიან».

არანაკლებ საინტერესო იყო მოწმეების პასუხები პროკურორის კითხვებზე, საიდან  იცნობენ ისინი სპარტაკ დრიაევს და  თამარ მეარაყიშვილს. მაგალითად, რაიონის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ეთერ ჩერტკოევამ უპასუხა, რომ დრიაევთან სამსახურებრივად მოუწია შეხება, ვინაიდან იგი განკარგავს  “სახელმწიფოს” მიერ ცოფთან ბრძოლისთვის გამოყოფილ თანხებს. ხოლო ნოტარიუსმა  ქეთევან ავლოხოვამ, რომელიც, მეარაყიშვილის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას ძალოვანებს ვიდეოგადაღების განხორციელებაში ეხმარებოდა, ორაზროვნად განაცხადა, რომ მათ «საერთო საარსებო არეალი აქვთ»:

მოსამართლე: თამილას საიდან იცნობთ?

ქეთევან ავლოხოვა: საარსებო არეალი გვაქვს საერთო»

მოწმეთა ნაწილი სასამართლოში არ მივიდა და მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ისინი კიდევ ერთხელ დაიბაროს, თუმცა შემდეგი სხდომა ცხინვალში ჩატარდეს.

მთელი პროცესის განმავლობაში მეარაყიშვილს (ბრალდების მხარეც კი) ხან მასალების ავტორად მოიხსენიებდა, ხან პოსტების. “მოხვდა” რადიოსაგურ “Эхо Кавказа”-საც, რომელსაც ზოგიერთმა მოწმემ “გაზეთიც” კი უწოდა. ამასთან, უმრავლესობა აღიარებდა, რომ არც კი ინტერესდება ამ მედიასაშუალების მასალებით, მაგრამ “აღშფოთებულია” მათი შინაარსით.

თავად თამილა ამ ყველაფერს მარტივ ახსნას უძებნის: 

“პროცესზე პროკურატურის მოწმედ გამოვიდა ფოსტის უფროსი ალიკ ჩერტკოევი. აქებდა "ედინაია ოსეტიას" წევრებს. ჩემზე თქვა, ლაფს ასხამს რესპუბლიკასო,  20% სიმართლეს ამბობს, 80%-ს - ტყუილსო. ერთ ფაქტს დავწერ მისი საქმიანობიდან: ფოსტა გასცემს პენსიებს ადგილობრივებზე, რომელთაც პასპორტი გააჩნიათ. პენსიონერებს შორისაა ათეულობით ადამიანი, ვინც წლებია, წეროვანში და თბილისში ცხოვრობს. თუმცა მათ ეს ხელს არ უშლის, აქ ჩამოუსვლელად მიიღონ პენსია. როგორ ხდება ეს, რის სანაცვლოდ? თუ არ შეიძლება, მე - მუდმივად აქ მცხოვრებს მქონდეს პასპორტი, მაგრამ თბილისში მივდიოდე, როგორ ხდება, ცხოვრობდე თბილისში და ჩამოუსვლელად ალიკ ჩერტკოევი პენსიას გიგზავნიდეს?! 

სასამართლოზე აღშფოთებული გამოვიდა ნოტარიუსი ქეთევან ავლოხოვა. თქვა რომ მას შეურაცხყოფებს ვაყენებ. ჩემს კითხვაზე, თუ შეუძლია, მოიყვანოს ფაქტი, თქვა, არ შემიძლიაო. ვფიქრობ, ის გააღიზიანა ჩემმა კომენტარმა “ეხოზე”, სადაც მისი ბიძა - რაზდახანის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ვახსენე. ამ უკანასკნელმა იანვარში, კარანტინის დროს თბილისში შეიძინა ავტომობილი და მისთვის გაიხსნა გზა, რომ სახლში დაბრუნებულიყო. თავისთავად ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა მეარაყიშვილის პასპორტს აპროტესტებ, როგორც უკანონს, რადგან თბილისშიც დავდიოდი, მაშ როგორ დადის ადგილობრივი ჩინოსანი ავლოხოვი თბილისში? მის მანქანას დღემდე ქართული ნომრები აქვს და ფაქტია, რომ მანქანა მას გაუფორმეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს. საერთოდ არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ მიბიძგეს. პროკურატურის კიდევ ერთმა მოწმემ - ლეილა მუზაევამ ისიც კიგაბედა, “წადი აქედან, აქ ნუ ცხოვრობო”. რატომ? - ხშირად ვახსენებ მის შვილს, ადგილობრივ ჩინოვნიკს. იგი პასუხისმგებელი ბავშვთა საზაფხულო ბანაკის რემონტზე, რომელსაც პირველი ნაკადი 2018 წლის ივნისში უნდა მიეღო. მილიონები "გაიხარჯა" ბანაკზე, რომელიც სადღეისოდ ნანგრევებია. ისვე იყო პასუხისმგებელი სოფელ ქურთაში 1. 000. 000-ად საფეხმავლო ხიდის მშენებლობაზე, რომელიც არ შესრულებულა. ფულიც აღარაა. ამ საქმეებს წელიწადზე მეტია, მთვლელი პალატა სწავლობს”.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს