რა ბედი ეწია მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას – გომელაურის განმარტება

შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში, მაჩალიკაშვილის დაკავების აუცილებლობა არ დადგა. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„2013 წლიდან ტერორიზმის მუხლით დაკავებულია 21 პიროვნება. თქვენ ალბათ, გულისხმობთ მაჩალიკაშვილის თემას და სასაფლაოზე რა ჩანაწერიც გავიდა. ღია ეთერში ამაზე ვერ ვისაუბრებ და ბოდიშს მოგიხდით. არ არის აუცილებელი ადამიანი დააკავო, მთავარია დანაშაული აღკვეთო. გეგმავდნენ თემას და რომ გასაჯაროვდა, თემა გაჩერდა. აქედან გამომდინარე, აღარ მოხდა ამ ადამიანის დაკავება. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ  მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ტერორისტული აქტის ორგანიზებით, რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა.

ამის დასადასტურებლად სუსმა აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი, ტერორისტული აქტის გეგმას განიხილავენ. ამ განცხადებიდან 24 საათის შემდეგ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. 

მიუხედავად, სუსის ღია განცხადებისა, რომ მათ აღკვეთეს „უმძიმესი დანაშაული“, არც მალხაზ მაჩალიკაშვილსა და არც მის ძმისშვილს, ბრალი ამ ეპიზოდზე ამ დრომდე ოფიციალურად წარდგენილი არ აქვთ. მორის მაჩალიკაშვილი აღნიშნულ საქმეზე 7 მაისს, სუსში გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება: "საჯაროდ დაიმუქრა, რომ თავად და მასთან მყოფ პირებს, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ".

ამ ეპიზოდს კი წინ უძღოდა მაჩალიკაშვილის ბრძოლა, აღიაროს სახელმწიფომ მისი ოჯახის წინაშე ჩადენილი დანაშაული. საუბარია პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რასაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს